ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო აქვეყნებს საერთაშორისო ტენდერის შედეგებს, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მეათე და მეშვიდე B სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებას ითვალისწინებს. სააგენტომ ტენდერი 2024 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.
X სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია West Galf Petroleum engineering Company Ltd. X სალიცენზიო ბლოკი (4336 კვადრატული კილომეტრი) თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან პირველ ეტაპზე, არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკური მონაცემებს დაამუშავებს და ხელახალი ინტერპრეტაციით წარადგენს. შემდეგ მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
მეორე ეტაპზე ჩაატარებს ორ და სამგანზომილებიან სეისმოსაძიებო სამუშაოებს და მიღებული შედეგების მიხედვით უკვე მესამე ეტაპზე, არსებულ სტრუქტურაზე, გაბურღავს კომერციული აღმოჩენისთვის საჭირო ყველაზე ღრმა ჰორიზონტის შემოწმების შესაძლებლობით, როგორც ეს განსაზღვრულია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
West Galf Petroleum engineering Company Ltd-მ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლება საქართველოში, V სალიცენზიო ბლოკზე 2017 წელს ჩატარებულ ღია საერთაშორისო ტენდერზე მოიპოვა.
2018- 2024 წლების განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებულ სამუშაოებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 12 732 286 აშშ დოლარი შეადგინა.
VIIB სალიცენზიო ფართობზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „Hinddustan Silichem Private Limited (HSPL)“ , რომელიც რეგისტრირებულია ინდოეთში 2017 წლის 01 ივლისს და მიეკუთვნება Astron Zircon ჯგუფს.
საქართველოს VII B სალიცენზიო ბლოკი ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. საერთო ფართობია 1175კმ2.
კომპანია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან პირველ ეტაპზე, არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკური მონაცემებს დაამუშავებს და ხელახალი ინტერპრეტაციით წარადგენს. შემდეგ მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. შეაფასებს არსებულ ჭაბურღილებს და შეარჩევს მათ რეაბილიტაციის მიზნით. მეორე და მესამე ეტაპზე გაიბურღება ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილები (შრომისუბნის საბადოს VII ჰორიზონტამდე, ჭაბურღილი #59 II, III და V ჰორიზონტამდე). კომპანიას ასევე ევალება ნავთობისა და გაზის მოპოვების ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ჭაბურღილი #42-ს მნიშვნელოვანი კაპიტალურად შეკეთება და ბოლოს, ერთი ჭაბურღილის გაბურღვა მოპოვების ფართობს გარეთ.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სააგენტოს მხრიდან მოეთხოვა წარმოედგინათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტიები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპანიების მიერ ხელმოწერის ბონუსის გადახდა. კომპანიებმა დადგენილ ვადაში წარმოადგინეს დოკუმენტაცია და საბანკო გარანტია, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს დაიწყოს მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მოლაპარაკებების დასრულებისთანავე კომპანია „West Galf Petroleum engineering Company “ ხელშეკრულების ხელმოწერის ბონუსის სახით 1 060 000 აშშ დოლარს გადაიხდის, ხოლო კომპანია „Hinddustan Silichem Private Limited (HSPL)“ კი - 4 150 000 აშშ დოლარს,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























