მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ოჯახები მეტ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ინდუსტრია - ანგარიში

61bc4afc56c6f
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 12:35
715
საქსტატმა დღეს ენერგეტიკის მოხმარების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტი 2020 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებულ მთლიან ენერგიას შეეხება, რაც მოიცავს, გაზს, ნავთობპროდუქტებს, ელექტროენერგიას, ქვანახშირსა და ენერგიის სხვა წყაროებს.

ანგარიშის თანახმად, მთლიანად ენერგეტიკის მოხმარებაში პირველ ადგგილზე შინამეურნეობები ანუ ოჯახებია, რომლებმაც 2020 წელს მთლიანი ენერგიის 31.4% მოიხმარეს. მეორე ადგილზეა ტრანსპორტი, რაც მოიცავს, როგორც ავტოტრანსპორტს, ასევე სარკინიზო თუ საჰაერო ტრანსპორტს. ტრანსპორტის დარგზე საქართველოში მოხმარებული ენერგიის 30.3% მოდის. მესამე ადგილზეა მრეწველობა, რომლის ენერგომოხმარებაც მთლიანი მოხმარების 19.2% იყო.

ვინ მოიხმარს საქართველოში ენერგიას:

● შინამეურნეობები - 31.4%;
● ტრანსპორტი - 30.3%;
● მრეწველობა - 19.2%;
● სახელმწიფო და კერძო კომპანიები (არა მრეწველობა) - 9.2%;
● მშენებლობის სექტორი - 4.5%;
● სოფლის მეურნეობა - 0.6%;
● სხვა სექტორები - 4.8%.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4,486,900 ტონა ნავთობის ექვივალენტი ენერგია (ტნე) მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ით ნაკლები იყო. კლება ძირითადად პანდემიურმა ლოქდაუნმა განაპირობა.

საქართველოს ენერგეტიკულ მიქსში (საბოლოო მოხმარებაში) პირველ ადგილზე ბუნებრივი აირია, რომელსაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო და სათბობი მიზნებით, ინდუსტრია კი წარმოებისთვის და ელექტროენერგიის გენერაციისთვის იყენებს. ბუნებრივ აირზე მოხმარებული ენერგიის 38.5% მოდის.

მეორე ადგილზე 29.3%-ით ნავთობპროდუქტებია, რომლის ძირითადი მომხმარებელიც სატრანსპორტო სექტორია. ტრანსპორტის გარდა, მას ინდუსტრიაც იყენებს წარმოებაში. ელექტროენერგიაზე მთლიანი ენერგომოხმარების მხოლოდ 22% მოდის. ბიოსაწვავის ენერგია საქართველოს ენერგეტიკულ მიქსში - 5.1%-ზე, ქვანახშირი კი 4.7%-ზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები