პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა ქვეყანაში, „რაღაც სახის დაპირისპირების შანსს ზრდის“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ რთულად წარმოუდგენია, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დისკრედიტირებულია, 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა მართოს.
პოლიტოლოგის შეფასებითვე, საქართველოში „ომის პარტია“ „ქართული ოცნებაა“, რომელიც ომშია საკუთარი მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან.
„როდესაც საზოგადოების იმედგაცრუება რაღაც ზღვარს სცდება და ასევე, როდესაც არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია რაღაც ზღვარს სცდილდება, ხელისუფლება ვერ ინარჩუნებს თავის პოზიციას. ამ შემთხვევაშიც მსგავსი ვითარება გვაქვს, თუმცა დავუშვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" რაღაცნაირად გადაალაგა-გადმოალაგა და დარჩა ხელისუფლებაში, რა ხდება ამ დროს? - რა თქმა უნდა, კარგს არაფერს ველით, მაგრამ მისთვისაც რთული იქნება საზოგადოების კონტროლი.
„რუსული კანონის“ ძალაში დარჩენა, ევროკავშირთან დაშორება, ოპოზიციის განადგურება - ეს ნიშნავს იმას, რომ {ოცნებამ} სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას სრული ავტორიტარიზმის დამყარებისკენ ანუ მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. ისტორია კი, გვაჩვენებს, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს პოპულარული ხელისუფლება, მაგრამ როცა დისკრედიტირებულია, როცა არ აქვს სერიოზული დასაყრდენი, ძალიან ძნელია ავტორიტარიზმის დამკვიდრება. ხშირად ამის მცდელობა იწვევს უკურეაქციას, რომელმაც შეიძლება წალეკოს ეს ხელისუფლება.
ამდენად, რა მოხდება თუ ჰიპოთეტურად „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში? - გასაგებია, რომ ევროპას ვემშვიდობებით, გასაგებია, რომ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, მაგრამ არის მესამე სცენარი - არაწინასწარმეტყველებადი და უმართავი სიტუაცია მოჰყვეს ანუ მშვიდობა - არა.
რეალურად ომის პარტია საქართველოში დღეს „ქართული ოცნებაა“, რომელიც ომში არის საკუთარი მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან. არანაირად არ მინდა არეულობა, მაგრამ „ქართული ოცნების“ დარჩენა ხელისუფლებაში, რაღაც სახის სამოქალაქო დაპირისპირების შანსს ზრდის“, - განაცხადა გია ნოდიამ.
რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში? – „გაუგებრობას, რომელსაც ჰქვია ქართული კოშმარი ანუ „ქართულო ოცნება“ - ამბობს პოლიტოლოგი.