საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფერო თანდათან ვითარდება და ამ კუთხით უკვე საგრძნობია პროგრესი. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია თომაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ჯანდაცვის სტანდარტი“ ისაუბრა.
როგორც პროფესორი თომაძე აღნიშნავს, საქართველოში ორგანოთა გადანერგვის მაჩვენებლების პოზიტიური ტენდენცია ეს იმედს აჩენს, რომ ქვეყანა ამ სამედიცინო მიმართულებაში კიდევ უფრო მეტად განვითარდება.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით ორგანოს 170 000 ტრანსპლანტაცია ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შთამბეჭდავად ჟღერს, ეს მხოლოდ 10%-ია იმ საჭიროებებისა, რაც რეალურად მსოფლიოს მასშტაბით არსებობს.
საქართველოში კი, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ამჟამად აღრიცხვაზე დაახლოებით 670 პაციენტი იმყოფება, რომელთაც ორგანოს გადანერგვა უკვე ჩაუტარდათ. მათგან: 450 პაციენტს თირკმელი გადაენერგა, 200-ს – ღვიძლი, 12 პაციენტს კი – გული”, - ამბობს ის.




























