მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ორგანული ღვინის ბიოსერტიფირების მაჩვენებელი იზრდება

62de9ba95fbc5
ანუკა ჯოხაძე
25.07.22 20:52
1586
ხშირად კეთდება შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ღვინის ექსპორტის ტრადიციული ბაზრების ჩანაცვლება უნდა შეძლოს და ისეთ ბაზრებზე უნდა გადაერთოს, სადაც ქართული ღვინო უფრო მეტად ფასობს და ბევრად მაღალ ფასშიც იყიდება. ასეთია მაგალითად ევროკავშირის ბაზარი, სადაც ექსპორტისთვის მეღვინეებს კონკრეტული რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორისაა ბიო სერტიფიცირება.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს დახმარებით არაერთმა მეღვინემ ბიო სერტიფიკატის მიღება შეძლო და თავისი ღვინო ექსპორტზე ევროკავშირშიც გაიტანა.

ბიო მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია "კავკასერთის" ცნობით, წლიდან წლამდე მზარდია ბიო სერტიფიცირების სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად 2019 წელს შვიდმა ბიო მეღვინემ შეძლო ბიოსერტიფიკატის მიღება, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 11-ს უდრიდა, ხოლო 2021 წელს 22-ს.

ბიო სერტიფიცირების დაფინანსებას შესაბამისი პროგრამით სახელმწიფოც იწყებს, თუმცა ბოლო წლებია ამ პროცესებში დონორი ორგანიზაციები არიან ჩართული. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით ერთ-ერთი მეღვინე, რომელმაც ევროპის ბაზარზე ღვინო გაიტანა თამაზ ომანაძეა. “ხომლის მარნის” ღვინო დიდ ბრიტანეთში 900 ფუნტ სტერლინგად უკვე იყიდება.

“მინდოდა, რომ ჩემს კუთხეში ლეჩხუმში, ერთი ვენახი ბიო სერტიფიცირებული ყოფილიყო. 2016 წელს ავიღეთ პირველი ბიო სერტიფიკატი. 2013 წლიდან დაკვირვების ქვეშ იყო. მას შემდეგ ყველა ჩვენი პროდუქტი, რომელიც შევმატეთ ბიო სერტიფიცირებულია ევროკავშირის მიერ”, - ამბობს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.

ბიო სერტიფიცირება რაჭველმა მეღვინე ზურა მაისაშვილმაც გადაწყვიტა, რომელმაც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს შესახებ 2020 წელს შეიტყო, გაიარა სატრენინგო კურსი და თავისი ბიო ღვინის სერტიფიცირების პროცესიც დაიწყო.

“2020 წელს ჩვენმა მეღვინეობამ მიიღო ახალი შესაძლებლობა ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით. მხარდაჭერა იმას გულისხმობდა, რომ ჩვენ ერთი მხრივ გადავაიარაღეთ ჩვენი მარანი ახალი ცისტერნებით და ახალი აპარატებით. უკვე 2023 წელს კი ჩვენ გვექნება ბიო ყურძენი, რომლისგანაც მოვამზადებთ ბიო ღვინოს.” -აცხადებს “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურა მაისაშვილი.

მეღვინეები, რომლებიც აქცენტს ორგანულ ღვინოზე აკეთებენ, ხშირად ამბობენ, რომ ბიო სერტიფიცირება მათთვის ფინანსურად მძიმე ტვირთია, თუმცა მათი თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით ეს გამოწვევა დაძლევადი აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში გარდა ფინანსური დახმარებისა, მეღვინეების გადამზადება და მათთვის ტრენინგების ჩატარებაც მოხდა, რამაც მეღვინეებს ბიო ღვინის წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მისცა წვდომა.

“საქართველოს სჭირდება ახალი ნიშების პოვნა, ერთ-ერთი ასეთი ნიშა კი ბიო ღვინოა. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებს, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, აქვთ ღვინის სახეობების მრავალფეროვნება, რაც გვინდა რომ განვავითაროთ. რაჭასა და იმერეთში ძალიან კარგი ღვინოები აქვთ. პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი სერტიფიცირება და ევროკავშირის სტანდარტებზე მორგება.

აქვე ვიტყვი იმას, რომ ეს სტანდარტები კიდევ გადაიხედა. ასე რომ საქართველომ ახალ სტანდარტებს ფეხი უნდა აუწყოს. ამის შემდეგ კი საქართველო ღვინის წარმოებით იქნება ნამდვილად წარმატებული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე", - ამბობს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის უფროსი ალექსანდრე კარნერი.

ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.

პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები