მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული გზა ავსტრიიდან სლოვენიამდე - ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის

სლოვენია ბლედის ტბა

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ევროპაში სასწავლო გაცნობითი ტური დაიგეგმა. ტურის მიზანი ევროპული გამოცდილების ნახვა და შემდგომში მისი საქართველოს რეალობაში გადმოტანა იყო. 

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სასწავლო გაცნობითი ტურის მონაწილეები ადგილობრივ ტურისტულ სტრატეგიებსა და მიდგომებს გაეცნენ სლოვენია იყო. 

სლოვენიაში ვიზიტი ბლედის ტბით იწყება. ბლედის ტბა და ციხესიმაგრე სლოვენიის სტუმრებისათვის მიმზიდველი ერთ ერთი ლოკაციაა.  ტურისტებს აქ მუზეუმი და ღვინის მარანი ხვდებათ, თუმცა თუ ტურისტებს ბლედის ტბის ულამაზესი ხედით ტკბობას სურთ, იქ მოწყობილი კვების ობიექტები, რომლებიც პირდაპირ სანაპიროზეა მოწყობილი, ამის საუკეთესო საშუალებაა.  

სასწავლო გაცნობითი ტურის მონაწილეებმა სლოვენიაში ტურისტული გამოცდილების მიღება ტრიგლავის ეროვნული პარკის მენეჯმენტთან შეხვედრით დაიწყეს. ქვეყნის ეროვნული პარკი, რომელიც 1924 წელს დაარსდა და 840 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა განთავსებული სლოვენიის მეოთხედს იკავებს. ტრიგლავის ეროვნული პარკი  ვიზიტორების პოპულარობას არცერთ სეზონზე კარგავს და ის ყოველწლიურად 1.5 მლნ ვიზიტორს მასპინძლობს. 

“ტურიზმი ღია ცის ქვეშ ყოველწლიურად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ეს განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ იგრძნობა. იცვლება მათი მოთხოვნებიც, მათ მხოლოდ ლაშქრობა აღარ აკმაყოფილებთ, სურთ ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ. ამ ნაწილში გამოცდილების გაზიარება მსგავსი მახასიათებლების მქონე ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია.

მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ეროვნულ პარკებს ერთი და იგივე მისია აქვთ- დაიცვან გარემო და მეორე მხრივ, ის ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ამ ნაწილშიც საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილების მოსმენა. ქართველებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღმოვაჩინე რომ ბევრი ერთნაირი გამოწვევა გვაქვს, შესაბამისად, შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო.”-ამბობს ტრიგლავის ეროვნული პარკის წარმომადგენელი. 

ტრიგლავის ეროვნული პარკი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია 2.5 მლნ ევროს მოცულობის ბიუჯეტის ფორმირებას ცენტრალური ხაზინის გარდა დონორებისგან მიღებული სახსრებით ახერხებს.  

როგორ მუშაობს ეროვნული პარკი ?-  ეს კითხვა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროექტ “GRETA”-ს სასწავლო გაცნობითი ტურის მონაწილეებისგან ბევრჯერ დაისვა, მთავარი აქცენტი ის მიმართულებებია, რომელიც საქართველოს რეალობაში უკვე გამოცდილი პრაქტიკის გაზიარების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაშიც შედეგიანი შეიძლება იყოს.  

“ჩვენ ამ ვიზიტმა ძალიან კარგად უნდა დაგვანახოს, თუ როგორ არის შესაძლებელი ტურიზმის სექტორის მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების ერთ მრგვალ მაგიდასთან მოკრება. მათ შორის ეს შეიძლება იყოს მაგალითად საჯარო სექტორის წარმომადგენლების ერთ მაგიდასთან დასმა და გარკვეულ შეთანხმებებამდე მისვლა.

საბოლოო შედეგი ამ კოოპერაციის და ამ ძალისხმევის, რომ ეს ყველა აქტორი ერთ მაგიდასთან მოიკრიბოს ამ შემთხვევაში არის ტრიგლავის ეროვნული ბანკი და ის პროდუქტები, რომელსაც ეს პარკი დამსვენებელს სთავაზობს.”-აცხადებს პროექტი "GRETA"-ს, კონსულტანტი სამთო ტურიზმის მიმართულებით გურო ვაშაყმაძე.

სლოვენიის ტური ადგილობრივ ალპინისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრით სრულდება.

60 000-წევრიანი ასოციაციის სამუშაო აღწერილობა,  სამთო ბილიკების მოვლა პატრონობას, ალპური ქოხების მართვას და სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას მოიცავს. 

“სლოვენია და საქართველო ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე მთიანი ქვეყანაა. ბოლო წლებს თუ გადავხედავთ სამთო ტურიზმის მიმართ ინტერესი მზარდია. მთავარი გამოწვევა ამ პროცესში არის ის რომ დავიცვათ ბალანსი ტურიზმის განვითარებასა და ბუნების დაცვას შორის.

ისე უნდა მოხდეს პროცესების მართვა რომ მასობრივი ტურიზმით მთაში დასვენების მიმართულება არ დავაზარალოთ. ეს არის გამოწვევები, რომელთან გამკლავებასაც ჩვენ ვცდილობთ. ასევე პროცესებში მნიშვნელოვანია ვიზიტორების უსაფრთხოება და ის სტანდარტები, რომელიც დაცული უნდა იყოს მაშინ როცა ტურისტი მთაში დასასვენებლად მოდის. - ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.”- ამბობს სლოვენიის ალპინისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი დემჟა ომერზუ.

დონორების მხარდაჭერით სასწავლო გაცნობითი ტურის ბოლო გაჩერება ავსტრიის ქალაქი გრაცია, სადაც გასტროტურიზმის მიმართულება ერთ-ერთი წამყვანია. ვახშამი ქალაქის ტურის პარალელურად-  ასეთი იყო ადგილობრივი გიდის გეგმა, რომელმაც გასტროტური სამ განსხვავებულ ადგილას შემოგვთავაზა.

“ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სასწავლო გაცნობითი ტური დასასრულს უახლოვდება. ავსტრიამ, იტალიამ და სლოვენიამ წლების წინ დაიწყეს არამხოლოდ ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა, არამედ მუნიციპალიტეტების განვითარებაზე ზრუნვა.

პირველ რიგში რაც საქართველომ უნდა გააკეთოს არის ის რომ ყველა რეგიონის ძლიერი მხარე უნდა გამოყოს, მეორე-  უნდა იზრუნოს ადგილობრივად შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მესამე უნდა იპოვოს ტურისტების ის ფოკუს ჯგუფი, რომლებზეც იმუშავებს. გრაცში აქცენტი გავაკეთეთ კულინარიაზე, აქ ყოველდღე ნახავთ გასტრო ტურებს, რომელიც ქალაქში ტარდება. ეს მოსწონთ როგორც ტურისტებს და ადგილობრივებს.”-ამბობს ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი. 

2-კვირიან სასწავლო გაცნობით ტური ქალაქ გრაცთან მდებარე შოკოლადის ქარხანაში ვიზიტით სრულდება. 1991 წლიდან ზოტერის გვარი ავსტრიაში ტკბილ ბიზნესთან ასოცირდება. ამ ქარხანაში, წარმოებული 600-მდე სახეობის შოკოლადი როგორც ადგილობრივად ისე საერთაშორისო მასშტაბით იყიდება.

ზოტერების ოჯახში შოკოლადის წარმოების თავისებურ ხელოვნებას სხვებსაც უზიარებენ- აქ საწარმოო ბიზნესი ტურიზმთან არის დაკავშირებული და ქარხნის კარი ტურისტებისთვისაც ღიაა. 

3 ქვეყანა, 25 ქალაქი და 33 შეხვედრა- ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სასწავლო გაცნობითი 2-კვირიანი ტური  ამ შედეგით სრულდება. როგორც პროექტის მონაწილეები ამბობენ, მათ უკვე აქვთ იდეები, რომლებსაც საქართველოს რეალობაში გადმოიტანენ და იმ რესურსს, რაც არსებობს იმაზე მეტად გამოიყენებენ ვიდრე დღეს. 

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა წარმოადგენს მედია საშუალება BMG-ს ინტელექტუალურ საკუთრებას. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია BMG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.