საჭიროდ მიმაჩნია, იქნება ეს საგანგებო სხდომა თუ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომ ვდგავართ მშვიდობის მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა მოთხოვნა პარლამენტის რიგგარშე საგანგებო სესიის ჩანიშვნის შესახებ მოთხოვნა უკრაინასთან დაკავშირებით, რასაც ის ხელს მოაწერს.
პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის წარმოადგინოს საქართველო ნებისმიერ ფორმატში, სადაც საჭირო იქნება უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„დღეს საკითხი ეროვნული თანხმობის არის ერთი - უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ყველაფერი იღონა (უკრაინამ), ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას.
ეს დღე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, იმ ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა.
მინდა პატივი მივაგო უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, ვინც შეეწირა ამ მოქმედებებს.
მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, დღეს, ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




























