მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პირველად, ტყის მართვის ორგანო ჩამოყალიბდება - თბილისის მერია

ანდრია ბასილაია

საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს 12 000 ჰა ფართობი ტყის მოვლა-პატრონობას. ამის შესახებ დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების პრეზენტაციისას აღინიშნა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია უძღვებოდნენ.

როგორც მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ განაცხადა, დღის წესრიგში დადგა თბილისის ფარგლებში არსებული 12 000 ჰა ტყის მოვლა-პატრონობის განხორციელების საკითხი. თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

მისი თქმით, მთაწმინდის ფერდისა და მიმდებარე ტყის უბნების გადარჩენის პროექტი მომავალ წელს სრულდება და აღნიშნული ტერიტორია ისევ დედაქალაქს გადმოეცემა.

„ვთვლით, რომ სწორი დროა იმისთვის, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც ამ ტერიტორიასა და ეტაპობრივად, ამ ტერიტორიის მიღმაც, დაახლოებით 100 ჰა ფართობის რეაბილიტაციას განახორციელებს მომდევნო წლებში“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გასული 8 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ურბანულ გამწვანებას. ამ კონტექსტში კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა მთაწმინდის ფერდის განახლების მიმდინარე სამუშაოებს.

„მთაწმინდის ფერდი, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ქალაქის ფილტვებია. ფერდის გარკვეული ნაწილი რეაბილიტირებულია, ჩატარებულია გამწვანების შესაბამისი სამუშაოები. ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, შესაბამისად, ახალი ორგანო ჩამოყალიბდება და უზრუნველყოფს ტყეების მოვლა-პატრონობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები