პლასტიკური ქირურგიის, როგორც ბიზნესისთვის, 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა, გაიზარდა როგორც ინდუსტრიის წლიური ბრუნვა, ისე კლინიკებში ადგილობრივი თუ უცხოელი პაციენტების რაოდენობა. მოთხოვნასთან ერთად, მზარდია ფასებიც, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.
საკითხის უკეთ გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პლასტიკურ ქირურგიაში გამოყენებადი ესთეტიკური აპარატები, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა საჭირო მასალები ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება, შესაბამისად, ინდუსტრია სრულად იმპორტდამოკიდებულია.
როგორც სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დარღვეულმა მიწოდების ჯაჭვმა და გარკვეული ბაზრების ჩაკეტვამ, პლასტიკურ ქირურგიაში მასალების ფასის ზრდა განაპირობა, ეს მოცემულობა კი პროცედურის ღირებულებაზე პირდაპირპროპორციულად ისახება. სფეროს სპეციალისტების განმარტებით, პლასტიკური ოპერაციების ფასი იზრდება და თანაც პერმანენტულად.
"იმპლანტები ძირითადად აშშ-დან და გერმანიიდან შემოგვაქვს, საუბარია იმ კონკრეტულ ბრენდებზე, რომელსაც ვიყენებ, თუმცა ზოგადად მასალები ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის. ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა, რაც თავისთავად ოპერაციებზე ფასის ზრდას იწვევს", - ამბობს "კუზანოვის კლინიკის" პლასტიკური ქირურგი ნინო ქურიძე.
"2023 წელს, წინა წელთან შედარებით ფასები საშუალოდ 10-12%-ით გაიზარდა. სახარჯ მასალაზე ფასის ზრდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეინიშნება, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ბაზარი ჩაიკეტა და ისეთი თავისუფალი ვაჭრობა აღარ არის, როგორც მანამდე იყო. აქედან გამომდინარე, იმპორტიორებს პროდუქცია უფრო მაღალი ფასით შემოაქვთ", - აღნიშნავს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია.
სპეციალისტების განმარტებით, პლასტიკური ოპერაციების კონკრეტული ღირებულების განსაზღვრა რთულია. ფასის დადგენაში მნიშვნელობა პროცედურის სირთულეს, დაფარვის მასშტაბს, გამოყენებულ მასალას და ცხადია, მიწოდებულ სერვისს ენიჭება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფასი კლინიკების მიხედვით განსხვავებულია. ზოგად ჭრილში თუ განვიხილავთ, ოპერაციის მინიმალური ღირებულება 2-3 ათასი ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 50 000 ლარსაც აღემატება.