წლების განმავლობაში პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ დარგად ჩამოყალიბდა, რომლის პოპულარობაც და მასშტაბიც სულ უფრო მზარდ დინამიკას აჩვენებს. მსოფლიო ტენდენციას იზიარებს საქართველოც.
სფეროს წარმომადგენლების თქმით, ქირურგიის ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ აქტიურად მიმართავენ და ხშირად მოთხოვნა მიწოდებს მასშტაბსაც აღემატება. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2023 წელი იყო. წლის ეფექტიანობაზე პლასტიკური ქირურგები ყურადღებას მომხმარებელთა მზარდ რაოდენობასა და პანდემიამდელი შედეგების გაუმჯობესებაზე ამახვილებენ.
"ოპერაციების რაოდენობამ იმატა, ასევე გაიზარდა მომართვიანობა თერაპიულ პროცედურებზეც. წლიურ ჭრილში ზრდა საშუალოდ 10-12%-ის ფარგლებშია. მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები და პაციენტებს ახალი პრეპარატები, ახალი მეთოდები შევთავაზოთ, ეს ყველაფერი კი თავისთავად მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს", - ამბობს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია.
"ძალიან იმატა პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ იმატა ქართველების რაოდენობამაც. ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველები", - აღნიშნავს "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"-ს პლასტიკური ქირურგი სალომე სვანაძე.
პლასტიკური ქირურგიის, როგორც ბიზნესის ზრდის მიზეზებზე საუბრისას კლინიკა "ტატალ შარმის" პლასტიკური ქირურგი, კოტე სულამანიძე ყურადღებას სოციალური ქსელების გავლენით დამკვიდრებულ ტრენდებზე ამახვილებს.
"სოციალურ ქსელების მეშვეობით ყველა ხედავს საკუთარ ნაკლს და რაღაცის შესწორების სურვილი უჩნდება. ფილტრები კი სიმულაციის ეფექტსაც აძლევს მომავალ პაციენტებს. 2023 წელს ჩვენს კლინიკაში ოპერაციების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.
მართალია, ქართული ბაზრისთვის, პლასტიკური ოპერაციები არც თუ ისე დაბალბიუჯეტურად ითვლება, თუმცა საერთაშორისო ფასებთან შედარებით განსხვავება ნამდვილად დიდია. როგორც ქირურგები განმარტავენ, ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-სთან შედარებით ხარისხიანი სერვისი მიიღება საქართველოში 4-ჯერ ან 5-ჯერ ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ეს მოცემულობა კი, უცხოელი პაციენტების მხრიდან მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს.
"ძალიან ხშირად ჩამოდიან ევროპიდან, ამერიკიდან…კმაყოფილი პაციენტისგან მოყვანილი პაციენტები ხშირად გვყავს, ასევე ინსტაგრამის მეშვეობით გვიკავშირდებიან. გზის ხარჯების გათვალისწინებითაც კი მათ ამ ფასის გადახდა უღირთ. ამასთან, ხარისხობრივად ნამდვილად არ ჩამოუვარდებით მსოფლიოში წამყვან ქვეყნებს. უცხოელები ამ ყველაფრის კვლევას იმდენად კარგად ატარებენ რომ ჩვენი მტკიცება აღარ სჭირდებათ", - ამის შესახებ "კუზანოვის კლინიკის" პლასტიკური ქირურგი ნინო ქურიძე საუბრობს.
"ძალიან ბევრი პაციენტები მყავს აშშ-დან და გერმანიიდან, ასევე იტალიიდან. ძირითადად ეს ის ქართველები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ჩამოდიან საქართველოში და აქ იკეთებენ ოპერაციას. ამის მიზეზი ის არის, რომ ფასები აქ მნიშვნელოვნად დაბალია. ჩვენს კლინიკაში უცხოელი პაციენტების წილი დაახლოებით 25%-ია", - ამბობს "ტოტალ შარმის" პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე.