მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდა, თუმცა გაურკვევლობა კვლავ მაღალია - S&P

s&p

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global-ის უახლესი შეფასების თანახმად, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდა, თუმცა გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით.

S&P აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაძაბულობამ იკლო, მაგრამ პოლარიზაცია კვლავ მაღალია და უფრო ფართო დიალოგს ზღუდავს.

შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები სუსტი რჩება, ევროკავშირში გაწევრიანება ფაქტობრივად შეფერხებულია და აშშ-ის ჩართულობა ფრთხილია, რაც ზრდის საშუალოვადიან პოლიტიკურ და მარეგულირებელ გაურკვევლობას.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები საშუალოვადიან პერიოდში ჩიხში დარჩება, რაც ასახავს ამჟამინდელ დაძაბულ ურთიერთობებს.

საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა ასევე გართულდა პოლიტიკის ცვლილებებით, მათ შორის აშშ-ს მხრიდან. 2024 წლის ბოლოს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დააწესა ორ საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის პირს მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ „მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ დევნაზე, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს“. ეს სანქციები ძალაში რჩება.

ჩვენ კვლავაც მივიჩნევთ გაზრდილ შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ცვლილებას, როგორც ზრდისა და ინვესტიციებისთვის საშუალოვადიან რისკებს, თუმცა ამ ფაქტორებს ჯერ კიდევ არ გამოუწვევია ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვნად შეფერხება",- წერია შეფასებაში.

S&P ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად ძალიან მაღალი დარჩა, რასაც მხარს უჭერს ძლიერი შიდა მოთხოვნა და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ზრდა უახლოეს მომავალში კვლავაც გადააჭარბებს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები