საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამის შესახებ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ უახლეს შეფასებაშია აღნიშნული.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.
რეიტინგის მამოძრავებელ ფაქტორების ჩამონათვალი იწყება გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობით. ამ კონტექსტში Fitch-ი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლარიზაციისა და სოციალური განხეთქილების ფონზე, რომლებიც გაღრმავდა სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული საკამათო „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ. 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები კი ხასიათდებოდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტითა და დისკვალიფიკაციით.
"გახანგრძლივებულმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება",- წერია Fitch-ის შეფასებაში.
გეოპოლიტიკური რისკები: რეიტინგზე მოქმედ ამ ფაქტორში საუბარია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია.
"Fitch-ი უახლოეს მომავალში განახლებას არ ელის. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო MEGOBARI აქტი, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს აშშ-ის სანქციების რისკები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. ეს კანონმდებლობა სენატში კვლავ ჩიხშია. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს ასრულებს, განსაკუთრებით საბანკო სექტორის მეშვეობით, და Fitch-ის ინფორმაციით, სანქციების რისკების შესამცირებლად, ქვეყნის საწვავის განაწილების ქსელში Lukoil-ის საკუთრების გაუქმება მიმდინარეობს",- წერს Fitch.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივა უმჯობესდება: FDI 2025 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 15.5%-ით შემცირდა და მშპ-ს 4.4% შეადგინა. წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 14.4%-ით შემცირდა, რეინვესტირება კი კვლავ ძირითად კომპონენტად რჩება.
ინვესტიციების ნაწილში სარეიტინგო სააგენტო ითვალისწინებს „იგლ ჰილსის“ დაანონსებულ პროექტებს.
"2025 წლის სექტემბერში, ეკონომიკის სამინისტრომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ინვესტორთან ერთად უძრავი ქონების განვითარების მსხვილი პროექტი გააფორმა, რომელიც 2026-2029 წლებში 6.5 მილიარდი აშშ დოლარის (2025 წლის მშპ-ს 17.2%) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. Fitch-ი ამ ინვესტიციებს თავის წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგნოზებში ითვალისწინებს და ვარაუდობს, რომ 2026-2027 წლებში ის საშუალოდ მშპ-ს 3.9%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაინც პანდემიამდელ 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე, 7%-ზე დაბალი იქნება",- აღნიშნავს Fitch.
ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა: ორწლიანი მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაციის შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში ფასების ზრდამ წლიურად 5.2%-ს მიაღწია (სამიზნე: 3%), რაც ძირითადად განპირობებული იყო გარდამავალი ფაქტორებით, მათ შორის სურსათის ფასებითა და საბაზო ეფექტებით. 2025 წელს საბაზო ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნდა და აგვისტოში პიკს, 3%-ს მიაღწია, რაც ამცირებს გადახურების შეშფოთებას. Fitch-ის პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება 8%-ზე.
სტაბილური საბანკო სექტორი, დოლარიზაციის შემცირება: საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მოგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%). დეპოზიტების დოლარიზაციის დონე 2025 წლის სექტემბრისთვის 49.2%-მდე დაეცა, 2016 წლის პიკთან შედარებით, რომელიც 72.6%-ს შეადგენდა, და 3.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის თებერვალში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით, რომელიც 52.7% იყო. ამას ზოგადად შეესაბამება სესხების დოლარიზაციის 42.2%-იანი დონე, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებისა და მაკროპრუდენციული ზომების გამო.
სტაბილური საჯარო ფინანსები: Fitch-ი წერს, რომ საქართველოს ბიუჯეტის მიზნების გადაჭარბების რეკორდი აქვს. Fitch-ი ვარაუდობს, რომ 2025-2027 წლებში ზოგადი ბიუჯეტის დეფიციტი საშუალოდ მშპ-ს 2.4% იქნება, რაც 3%-იან ჭერზე გაცილებით ნაკლებია. მთლიანი სახელმწიფო ვალი/მშპ-სთან 2025 წლის ბოლოსთვის 11 წლიან მინიმუმამდე, მშპ-ს 33.6%-მდე შემცირდება, რაც 60%-იან ვალის ზღვარს გაცილებით დაბალია.Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს გრძელვადიანი ვალის დინამიკა სტაბილურად გამოიყურება, გაცვლითი კურსის რისკები კი მთავარ მგრძნობიარე ფაქტორს წარმოადგენს, რადგან მთლიანი ვალის 69% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. Fitch-ი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდის რეფინანსირებას მოახდენს, რომლის ვადაც 2026 წლის აპრილში იწურება.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გაზარდა
Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა




























