მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში რეგისტრირებულ AnyDesk Software Georgia-ს, GoRight-ს და "ათ თიმ"-ს საერთაშორისო კომპანიების სტატუსი მიენიჭათ

anydesk

საქართველოს მთავრობის 25 თებერვლის განკარგულებით, 3 კომპანიას საერთაშორისო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. ეს კომპანიებია „ენიდესქ სოფთვეარ ჯორჯია“, „გოურაითი“ და "ათ თიმ".

საჯარო რეესტრის მიხედვით, „ენიდესქ სოფთვეარ ჯორჯია“ 2022 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მმართველი გერმანიაში რეგისტრირებული კომპანია „ენიდესქ სოფთვეარ“-ია. კომპანიის დირექტორი კი გერმანიის მოქალაქე ფილიპ იერგ ვაისერია. კომპანია IT სექტორში ოპერირებს.

კომპანია „გოურაითი“ 2024 წელს არის რეგისტრირებული. მიწი 24-24%-იანი წილების მფლობელები ბელარუსის მოქალაქეები იურიი ზიალენსკი და სერგეი სინკევიჩია, ხოლო 52%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანია „გოულეფთ სპოლ. ს რ.ო“ ფლობს. დირექტორი ასევე ჩეხეთის მოქალაქე ევგენი პრიხოდკოა. საჯარო რეესტრში ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროების უძრავი ქონების იჯარა, ვაჭრობა, მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ჰოსტინგი და ა.შ.

კომპანია "ათ თიმ" 2023 წლის ივნისშია რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბელარუსის მოქალაქე ანნა ჩებოტაროვაა, რომელიც ამავე დროს დირექტორის პოზიციას იკავებს. კომპანია IT სექტორში ოპერირებს.

საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსს სულ 160-მდე კომპანია ფლობს. მათი უმეტესობა IT სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები