მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საბანკო მომსახურების და პროდუქტების ფასები აღმოსავლეთ ევროპისგან დიდად განსხვავებული არაა - მატუა

ალექს მატუა

„პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში საბანკო მომსახურების და პროდუქტების ფასები აღმოსავლეთ ევროპისგან დიდად განსხვავებული არაა.

როგორც ალექს მატუამ BMG-ის განუცხადა, სასესხო პროდუქტების ფასებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, მოზიდული სახსრების ფასი, ქვეყნის რისკიანობა და ა.შ. მისივე შეფასებით, ქართულ ბანკებში არსებული საპროცენტო განაკვეთები შესადარი ქვეყნებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

რაც შეეხება სხვადასხვა საბანკო სერვისის და საკომისიოების ღირებულებას, ალექს მატუას განცხადებით, მათ სიძვირეზე დასკვნების გაკეთება საბანკო სექტორის მომგებიანობიდან გამომდინარე არასწორია.

„სესხების ფასებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რა ღირს თვითონ ფული, დეპოზიტებში რა თანხის გადახდა ხდება და რა რისკის აპეტიტი აქვს ბანკს. რა რისკი ჯდება თვითონ სასესხო პროდუქტი, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, ფასწარმოქმნა ხდება თვითღირებულება, რისკი, ამონაგების სურვილი და აქედან დგება ფასი. თუ შევადარებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ან იმ ქვეყნებს, ვისაც ასეთი რეიტინგი აქვთ, ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ძალიან ძვირია ფასები. შეიძლება უფრო მეტად კონკრეტულ გარემოში უფრო დაბალი იყოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ძალიან დიდად განსხავებულია აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან.

რაც შეხება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკომისიოებს ან ფასს, თუ ერთი ერთზე დავადარებთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენი საბანკო ფასები არაა ძვირი. ასეთი დასკვნები უფრო იქიდან გამომდინარეობს, რომ თუ საბანკო სექტორის მოგება რაღაც X თანხაა, ეს იმითაა განპირობებული, რომ საბანკო სექტორში მაღალი ფასებია. თუმცა ეს ასე პირდაპირ არ შეიძლება იყოს ნათარგმნი. ამიტომ ის ფასები, რაც ტრანზაქციებშია, გადარიცხვის საკომისიოები არაა ძალიან ძვირი რომ შევადაროთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს“, - განაცხადა ალექს მატუამ.

ცნობისთვის, „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომერციულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა, რიგი მომსახურება მომხმარებელს უფრო იაფად შესთავაზონ, თუმცა ამას არ აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები