ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანა ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან 50 წლის თავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც რეგიონის მასშტაბით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე წერენ.
ხელმომწერი ქვეყნები საუბრობენ საქართველოში მიღებულ რეპრესიულ კანონებზე და მათ გავლენაზე და აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის.
"2025 წელს სრულდება 50 წელი ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან, რომელმაც განამტკიცა გაგება იმისა, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება განუყოფელია ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისგან. ამ დოკუმენტით, მონაწილე სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, ეღიარებინათ, რომ ადამიანის უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვა საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანია. დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატია ჩვენს რეგიონში მყარი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებელი საფუძვლებია და ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ეს ვალდებულებები ინდივიდუალურად და კოლექტიურად მოვთხოვოთ ერთმანეთს პასუხისგება.
50 წლის შემდეგ, გარკვეული წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ განხორციელებული ქმედებები - მიმართული სხვა მონაწილე სახელმწიფოებისა თუ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ამ საფუძვლის შერყევის საფრთხეს ქმნის. ეს მოიცავს ადამიანის უფლებების ხმამაღალ, სასტიკ დარღვევებს და იმ ფუნდამენტური თავისუფლებების უფრო ჩუმ, თანდათანობით ხელყოფას, რომლებიც მათ იცავს, რითაც გზა ეხსნება რეპრესიებს.
...საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის კუთხით დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვები საჯარო განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს ქმნის.
ეუთოს რეგიონის მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცე ვიწროვდება, ხოლო ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები ზეწოლასა და დაშინებას განიცდიან როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ სივრცეში. მშვიდობიანი დემონსტრანტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან ეროვნულ და ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, მუქარასა და ძალადობას. ეს თანდათანობითი რღვევა, რომელიც ხშირად ნაკლებად თვალსაჩინოა, რეპრესიების ნორმალიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამოცარიელების რისკს ქმნის.
იქნება ეს ხმამაღალი და აგრესიული, თუ მცოცავი და ჩუმი, ადამიანის უფლებების ეს დარღვევები ჩვენი საერთო ვალდებულებების მიმართ ერთნაირი უგულებელყოფიდან მომდინარეობს და მოითხოვს გადამწყვეტ რეაგირებას ადამიანური ღირსების, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების დასაცავად ეუთოს მთელ რეგიონში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევას, ასევე ადამიანის უფლებების ყველა დარღვევასა და ხელყოფას. ჩვენ კვლავ ვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 39 ქვეყანა აწერს.
ხელმომწერი ქვეყნებია: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და დანია.




























