მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით განახლებადი ენერგიების პროექტები განვითარდება - ბოჭორიშვილი

646b8652d0526
BM.GE
22.05.23 20:30
610
22-23 მაისს, აზერბაიჯანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია იმართება მწვანე ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ბაქოში ვიზიტით იმყოფება.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განვითარებაში „შუა დერეფნის“ და საქართველოს როლზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს ევროპაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, ტრანზიტზე, ენერგო რესურსებისა და სურსათის ბაზრებზე შეფერხებების შექმნის გზით.

„საერთაშორისო სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად, რეგიონული სატრანზიტო მარშრუტების განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად. საქართველოს სატრანზიტო როლისა და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობას დამატებით უპირატესობას ანიჭებს მისი შავ ზღვაზე წვდომა. ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნა და ევრაზიის კონტინენტის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე ისაუბრა.

„ეს პროექტი ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ამავე დროს განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას სხვადასხვა სფეროში.

„ევროკავშირის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ადასტურებს ევროკავშირის ინტერესს განავითაროს სატრანსპორტო კომუნიკაციები ჩვენს რეგიონთან და გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას განვავითაროთ დამაკავშირებელი პროექტები”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები