საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტი და ფასების ზრდა პროგნოზირებადი იყო, - ამის შესახებ "აგროქიზიყის" დამფუძნებელმა, ბექა გონაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მსოფლიო ტენდენციების გაგრძელებაა.
მისი განმარტებით, რამდენიმე წლის წინვე მოსალოდნელი იყო, რომ ხორცის ფასი მოიმატებდა და დეფიციტი გაიზრდებოდა, რადგან საქართველოდან მნიშვნელოვანი რაოდენობით გადის ახალგაზრდა და მოზარდი საქონელი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტს ქმნის.
„საკუთარი ხორცი არ გვრჩება საქართველოს ბაზრისთვის. ეს არის ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის, ის, რომ საქართველოში ხბოს ხორცი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარება. ანუ იგივე ჯაჭვში ვტრიალებთ... რა მნიშვნელობა აქვს ახლა მე ამას ახალგაზრდას და პატარას გავყიდი თუ ხბოდ გავყიდი, ხომ ასეა? - აქედან გამომდინარე არის ეს დეფიციტი, რომელიც მანამდე ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო“, - განმარტავს ექსპერტი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმპორტირებული ხორცის გაძვირებაზე გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე შეიზღუდა ე.წ. „შავი სქემებით“ შემოტანა. უფრო კონკრეტულად, შემთხვევები, როდესაც ცოცხალი საქონელი ქვეყანაში შემოჰქონდათ და შემდგომ ადგილობრივი წარმოების სახელით რეალიზდებოდა.
„როდესაც ასეთი სქემები შეჩერდა, ბაზარზე ალტერნატივა შემცირდა და ფასების ზრდა გარდაუვალი გახდა“, - ამბობს იგი.
მისივე შეფასებით, მსოფლიო ბაზარზეც ფასწარმოქმნის ტენდენციამ გავლენა მოახდინა საქართველოზე. უფრო კონკრეტულად, აგვისტო-სექტემბერში ნედლი და გაყინული ხორცის გაძვირება საერთაშორისო ტენდენციებს დაემთხვა.
„ყაზახეთმა უკვე შეზღუდა ცოცხალი საქონლის ექსპორტი და ხორცის გატანაც შეამცირა. ევროპის ბაზარზე კი ფასები რუსეთთან შედარებით დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია. კი, გენეტიკა უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ, უბრალოდ, ჩვენ ბაზარზე ეს კიდევ უფრო მეტად არ გაიყიდება“, - განმარტავს ექსპერტი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები რუსეთსა და ბელარუსში ფიქსირდება, რის გამოც საქართველოში გაციებული და გაყინული საქონლის ხორცის იმპორტი ძირითადად ბელარუსიდან ხორციელდება.
ინფორმაციისთვის, 1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებულია. "თავისუფლების ინსტიტუტმა" და ქვემო ქვალონელმა გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის დეკემბერში მოიგეს. საქმე ის არის, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შემდგომში, რეგულაცია უფრო დამძიმდა და წონა 160 კგ-მდე გაიზარდა. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ "ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება".




























