მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში სასტუმროების შეძენით სპარსეთის ყურის ქვეყნები ინტერესდებიან“ - ალავერდაშვილი

6435740575d31
თათია ჩაფიჩაძე
15.04.23 12:20
1731
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი და Gulf hotels group-ის წარმომადგენელი საქართველოში შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სასტუმროების შეძენით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არაერთი ინვესტორია დაინტერესებული.

როგორც ალავერდაშვილმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ინვესტორების მხრიდან ინტერესი თბილისის, ბათუმის და კახეთის რეგიონზე მოდის.

„შარშანდელი წელი იყო დაკვირვების წელიწადი, საკმაოდ ბევრი ინვესტორი ჩვენ ბაზარზე  ვითარებას აკვირდებოდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს გადაიდგმება პირველი ნაბიჯები და ინვესტიციები დაიწყებს შემოსვლას. მინიმუმ რამდენიმე მოლაპარაკება გვაქვს გალფის ქვეყნებთან, ისინი უკვე გამზადებული სასტუმროების ყიდვით არიან დაინტერესებული, მათი სურვილია უკვე ოპერირებაში მყოფი სასტუმროების ყიდვა.

ინვესტორების ძირითადი ინტერესი მაინც მიმართულია ბათუმი-თბილისზე და კახეთშიც რამდენიმე ინვესტორი ამ წუთისთვის ეძებს ადგილს. რამდენიმე პროექტი მუშავდება, მე პირადად ვარ ჩართული ამ პროექტების დამუშავებაში. ძალიან ტრენდული გახდა 30-35 ჰა სივრცის ათვისება, სადაც იქნება ერთი ძირითადი მიმართულება სასტუმრო კომპლექსი და მის გარშემო განვითარდება ვილები კერძო საკუთრებაში, რომელიც მართვაში ექნება სასტუმროს, ანუ ერთ კომპლექსად განიხილება მთელი ინფრასტრუქტურა გარშემო.

კახეთის რეგიონში არსებული სასტუმროების თითქმის 70% იყიდება და არა მხოლოდ კახეთში, თბილისშიც საკმაოდ ბევრი. ორი სამი პროექტის ინვესტიციის მოცულობა რომელიც ამჟამად მზადების ეტაპზეა, 35-დან 40$ მლნ-მდეა. ამ ხალხს მოლოდინია, რომ ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, საქართველოში სასტუმრო ბიზნესი ძალიან კარგად დაიწყებს შემოსავლების მოტანას. ბევრი ფსონი იდება იმაზე, რომ ამის შემდეგ საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის და აქ დამსვენებლების საკმაოდ დიდი ნაკადი წამოვა. ცხადია, გაიზრდება ტურისტების წილი გალფის ქვეყნებიდან, თუმცა გათვლა იქნება ევროპელ ტურისტებზე. გერმანია ყოველთვის იყო წამყვანი, წელს უკვე მზაობა აქვს გამოთქმული ნორვეგიას და ფინეთს, რომლებიც ასევე მზად არიან რომ წამოვიდნენ, პოლონეთი თავისთავად მოდიოდა და იტალიიდან ველოდებით ბევრ სტუმარს, პირდაპირ ვიტყვი ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ გაიზრდება და გაიზრდება ძალიან სწრაფად", - განაცხადა ალავერდაშვილმა.

გამოწვევებზე საუბრისას მთავარ პრობლემად სასტუმროების დატვირთულობა სახელდება. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ფასები 2019 წელთან შედარებით დღემდე 30-40%-ით იაფია, სასტუმროების მოგებიანობის მაჩვენებელი კი განახევრებულია.

„ჩვენდა სამწუხაროდ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს სასტუმროების მხრივ, დატვირთულობის მაჩვენებლებს ხელი ბევრმა გარემო პირობამ შეუშალა. შესაბამისად, როცა ფასს განსაზღვრავს დატვირთვა და დატვირთვა ნაკლებია, ფასი იკლებს. 2019 წელთან შედარებით, 30-40%-ით არის ფასი შემცირებული. საოპერაციო მოგება კი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. თუმცა, უცხოელი ინვესტორებისთვის ინვესტიციის განხორციელება ამ სექტორში მაინც საინტერესოა სამომავლო პერსპექტივიდან.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი ბაზრები გავხსნათ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ინდოეთის გახსნა, ჩინეთის გახსნა, შესაბამისად ახლავე ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც კი სეზონი დამთავრდება, სექტემბერ-ოქტომბრიდან ამ ქვეყნებიდან დაიწყოს ხალხის შემოსვლა და არასეზონური პერიოდი შევავსოთ. შარშან ტაილანდი გაიხსნა და გვყავდა საკმაოდ ბევრი ტურისტი, კვირაში ორი ჩარტერული რეისი სრულდებოდა ხოლმე. ისეთი ახალი ბაზრების მიმართულების ძებნაში ვართ, რომელიც არასეზონურობას დაგვიბალანსებს.

ჩემი შეფასებით, ყველაზე დიდი პოტენციალის ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარებაა, ამ შემთხვევაში ტურისტი მინიმუმ ორი კვირა რჩება საქართველოში და ყველაზე მეტ თანხას იხდის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის", - მიიჩნევს ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები