მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას" - კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლის ღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლის ღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ.

„აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაკეთდა, რომ იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად კარვებში. ეს იქნება იარაღის, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, გადატრიალებას, არეულობას გეგმავენ, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ, მეგობრებო. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა - არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა, მიზანი ხელისუფლების შეცვლაა - სუს-ი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები