2025 წელს, მოსახლეობაში ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებში გაიზარდა:
- თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები (14.2%);
- სიმსივნეები (12.7%);
- ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები (10.6%);
- ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (8.9%);
- თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (6.8%).
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს შიდსით დაავადების 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 53 ერთეულით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა კუმულაციური რიცხოვნობა 11 568 ერთეულით განისაზღვრა. 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3%-ით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 12.9%-ით შემცირდა და 1 142 შეადგინა.
2025 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.




























