მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება - ინიციატივის დეტალები

615c6efc3ba3f
ელენე გოგბერაშვილი
05.10.21 22:00
2867
საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ, ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარია სურსათის ბანკში ისეთი ტიპის პროდუქტების დონაციაზე, რომელსაც მალე გასდის ვადა, თუმცა ნაკლებ რისკიანია გამოყენებისთვის. უკვე გამოცდილი მოდელის მიხედვით, საკვები ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი BMG-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და პროცესების შემდგომი მონიტორინგი იქნება, რათა კერძო სექტორმა საკვების დონაცია სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენოს. მისივე თქმით, სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამასთან ის წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით.

„2018 წლის მონაცემები გვაქვს, სადაც მუნიციპალიტეტი დაახლოებით 18 მილიონ ლარამდე ხარჯავს საკვების დონაციაზე და პარალელურ რეჟიმში მაგალითად ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დაახლოებით 3 მილიონ ევრომდე საკვები იყრება მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს მოქნილი და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება ამ საკვების შემდგომ დონაციად გამოყენებასთან დაკავშირებით.

საუბარია მინიმალური რისკის საკვებზე, რომელთა ვარგისიანობის ვადა უახლოვდება დედლაინს და დროულად უნდა მოხდეს მათი გამოყენება. ამ პროცესის ეფექტიანად მართვა ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ როგორც სარესტორნე, ისე ჰორეკა და სუპერმარკეტების ქსელში არსებული ამგვარი საკვები გამოგვეყენებინა დონაციისთვის“,-აცხადებს ნინო წილოსანი.

იმისთვის, რომ ბიზნესისთვის საკვებ ბანკში სურსათის დონაცია დამატებითი ფინანსური ტვირთი არ იყოს, კანონმდებლობა მათ განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს შესთავაზებს. ინიციატივა, რაზეც აგრარული კომიტეტი FAO-სთან ერთად მუშაობს, უკვე გააცნეს რესტორატორთა და რითეილ ასოციაციებს. შოთა ბურჯანაძე, რომელიც რესტორატორთა ასოციაციას წარმოადგენს, ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონით ქველმოქმედების მიზნით გაცემული საკვებიც იბეგრება, ამიტომ თუ ახალი მარეგულირებელი ჩარჩო განსხვავებულ მიდგომას შესთავაზებთ, ბიზნესი ამას მხოლოდ მიესალმება.

პირობითად ყავა, რომელიც შესაძლებელი იყო გაყიდულიყო და ერთი კვირაა ვარგისიანობის გასვლამდე, ჩამოწერას ექვემდებარება. ჩამოწერის შემთხვევაში იბეგრება და იმ შემთხვევაში თუ გაჩუქდება, მაინც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით როგორც გაყიდული პროდუქცია. თუ ის ქველმოქმედებაში წავა, მიუხედავად ამისა, მაინც იბეგრება. თუ ბანკი შეიქმნება, სადაც იქნება ეს პროდუქტი ორგანიზებულად აკუმულირებული, ეს პროდუქტი მივა მიზნობრივად ქველმოქმედებისათვის, რა დროსაც დაიზოგება გადასახადები“,-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

„ჩემი ტიპის რესტორნებს ეს დიდ შეღავათს არ გვაძლევს, იმიტომ რომ მცირე ტიპის რესტორნებს დანაკარგი არ აქვს. რაც შეეხება დიდ რესტორნებს, აქ არის სასტუმროები, რითეილი, სასტუმრო რეზორტები, მათ ჩამოსაწერი პროდუქცია დიდი რაოდენობით აქვთ. ეს კარგი ინიციატივაა და მივესალმები“ - აცხადებს „შავი ლომის“, „ლეილას“ და ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე.

იმისთვის, რომ ბიზნესისთვის საკვებ ბანკში სურსათის დონაცია დამატებითი ფინანსური ტვირთი არ იყოს, ნინო წილოსანი განმარტავს, რომ კანონმდებლობა მათ განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს შესთავაზებს.

„ჩვენი მოსაზრებაა, დონაციის სისტემის აწყობისას ქველმოქმედებისთვის გადაცემული საკვები არ დაიბეგროს დღგ-ით და ეს არ იყოს მათთვის რაღაც დამატებითი ტვირთი“, -ამბობს ნინო წილოსანი.

სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები