„საქართველოში ტექინდუსტრიაში საქმის კეთება უფრო ძვირი გახდა, ვიდრე შარშან“ - ამის შესახებ გადაცემა რედაქტ2-ში Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მიწოდება საკმარისი არ აღმოჩნდა, რამაც ბაზარზე ცვლილებები გამოიწვია. ციკოლიას განცხადებით, გაიზარდა IT-სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაც.
„ბოლო ერთი წელი არის გადამწყვეტი ამ ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში. ამ პროცესში სამწუხარო ფაქტია, რაც ხდება ახლა უკრაინაში, თუმცა ამან თავისი გარკვეული წვლილი შეიტანა იმ კუთხით, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობდნენ როგორც უკრაინაში, ისე ბელარუსიაში და რუსეთში, მათ მოუწიათ ბიზნესების რელოკაცია საქართველოში.
ამან მოთხოვნა მიწოდების მარტივი ეკონომიკური ფორმულა დაარღვია, მოთხოვნა ბევრად სწრაფად გაიზარდა, მიწოდება საქართველოს ბაზარზე იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოთხოვნა იყო, არ აღმოჩნდა, რამაც რა თქმა უნდა ცვლილება გამოიწვია შიდა ბაზარზე. მოხდა გარკვეული მატება სახელფასო ანაზღაურების. საქართველოში საქმის კეთება ამ ინდუსტრიით უფრო ძვირი გახდა, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ამავდროულად ამან სტიმული მისცა სხვა ინდუსტრიებს, მათ შორის განათლების ინდუსტრიას და სხვებს, ბევრად უფრო დიდი დრო და ინვესტიცია დათმონ იმისთვის, რომ კადრები მოამზადონ“,-აცხადებს გიორგი ციკოლია.
Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომლის ოფისები 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქედან ერთ-ერთი უკვე საქართველოა. რეგიონული დირექტორის რანგში, გიორგი ციკოლია ლინეატის ბიზნესის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონული მასშტაბით.
„Lineate საქართველოს“ ოფისი მიმდინარე წელს დაარსდა და ამ ეტაპზე კომპანია 80-სზე მეტ ადამიანს ასაქმებს.