სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა სექტორი ფრაგმენტულია და ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მოძველებულია. "თიბისი კაპიტალის" კვლევით, იჯარით გასაცემი საწყობების 68% თბილისშია, რომელსაც 17%-იანი წილით ქუთაისი მოჰყვება. მონაცემები აჩვენებს, რომ ბათუმსა და ფოთში შედარებით მცირე რაოდენობის ფართებია.
რეგიონებში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეციფიკური პროდუქტებისთვის გათვლილ საწყობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში ჯერ ისევ პრობლემად რჩება. ერთ-ერთი ასეთი კი თხილის სექტორია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაბამისი სასაწყობე ფართების არ არსებობა თხილის მოსავალზე გავლენას ახდენს, რადგან მოსავლის შესაბამის პირობებში შენახვა ვერ ხერხდება.
“2013 წელს FAO-ს მეშვეობით საქართველოში ჩატარდა თხილის სექტორისთვის სასაწყობე მეურნეობების საჭიროების კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ იმ მდგომარეობით 40-მდე საწყობი იყო საჭირო საქართველოში, რომ თხილის სექტორის მოსავლის აღების პროცესი დაეკმაყოფილებინა და თხილის დასაწყობების საშუალება გადაეფარა.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 10-მდე საწყობია აშენებული. ვფიქრობთ, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია, ალბათ მინიმუმ 40 უნდა იყოს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დღეს სექტორში იმდენად მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომ ამ საკითხზე ფოკუსირება ძალიან რთულია. ის საწყობები, რომლებიც აშენებულია, საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან, რადგან პროდუქციის ხარისხი და დასაწყობების რაოდენობა ვერ ფარავს მიმდინარე ხარჯებს და ბიზნეს მოდელი ვერ არის ამ დროისთვის გამართული.
თხილის მოსავლის აღების დროს თხილს აქვს ძალიან მაღალი ტენიანობა. გაუშრობელი თხილის დასაწყობება ტრადიციული ფორმით, სახლში შენახვა, მის ხარისხზე ძალიან ცუდად აისახება, იმ დონეზე ცუდად, რომ შეიძლება მიღებული მოსავალი დაახლოებით 20%-ით შემცირდეს, რაც ყოველ წელს ხდება. შესაბამისად, ძალიან აუცილებელი და მწვავეა, რომ იყოს პროდუქციის შრობის და დასაწყობების საკმარისი რესურსი რეგიონებში და სოფლებში,” - ამბობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.




























