მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წელიწადში 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება" - სოლომონ პავლიაშვილი

ნარჩენი
19.04.24 16:41
1504

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს, რომელიც ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

"საქართველოს მიღებული აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული გეგმა, სადაც ძირითადი ყურადღება სწორედ ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას ეთმობა. შეფუთვის ნარჩენები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება, რაც მთელი ნარჩენების 16-17%-ია. ჩვენი მიზანი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსის, ლიდია ქრისტმანის განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოების და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. „ვაფასებ საქართველოს მისწრაფებას, დანერგოს ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა. მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების იმპლემენტაცია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც უფრო ნაკლები შეფუთვა გამოიყენება, მით ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება, ეს პრობლემის მოგვარების გასაღებია. გარდა ამისა, ეს ფინანსური რესურსების დაზოგვის და სათბური აირების გამოყოფის შემცირების საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნა ლიდია ქრისტმანმა.

ცნობისთვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია.

დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

რა გამოწვევებია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორში? - გიორგი გულიაშვილის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები