„ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის წევრის გვანცა მელაძის აზრით, საქართველოში #წერტილი უნდა დაესვას დროის უსარგებლოდ ფლანგვას.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ახლა ევროკავშირის ცხრა დათქმით გაწერილი რეფორმების განხორციელებისკენ უნდა იყოს ორიენტირებული და არა ე.წ. რუსული კანონის მიღებისკენ.
„მალე დადგება <ცხრა დათქმის შესრულების> შეფასების პერიოდი და სამწუხაროდ, მხოლოდ კერძო სექტორზე არაა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ის რეკომენდაციბი, რაც იყო გაცემული, თუ შესრულდა, გადავალთ შემდეგ ეტაპზე და შემდეგ უკვე იქნება ძალიან კონკრეტული ნუსხა საკანონმდებლო აქტების, რომელიც უნდა მივიღოთ.
პარლამენტს ძალიან ბევრი საქმე ექნება; მენანება, რომ არამიზნობრივად იხარჯება ამ ადამიანების რესურსი და როგორც გადასახადების გადამხდელი, ვფიქრობ, მთელი ძალისხმევა ჩვენი კონსტიტუციური მიზნისკენ უნდა მივმართოთ, ვიდრე ისეთი კანონების მიღებისკენ, რომელზეც ბოლომდე ვერ გავერკვიეთ, რა მიზანს ემსახურება“, - თქვა გვანცა მელაძემ.
„საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაცია“ ერთ-ერთია ფერმერთა სათათბიროში შემავალ 19 ორგანიზაციას შორის, რომელმაც საქართველოს პარლამენტს „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდა.