ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით 1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. მან ამის შესახებ წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან, წელს მეშვიდედ ტარდება და მასში თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ - თურქეთის დელეგაციას რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი ხელმძღვანელობს, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ამასთან, ღონისძიებაში სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბიზნესფორუმი უნიკალური პლატფორმაა სამმხრივ ფორმატში პარტნიორობის გასაძლიერებლად.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პარტნიორობის, კეთილდღეობისა და რეგიონული დაკავშირებადობის წინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონისთვის. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 300-ზე მეტი წამყვანი და მსხვილი კომპანიის მონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორის დიდ ინტერესს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართ ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ბოლო წლების პროგრესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველო გლობალურად გამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა სექტორში აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან არაერთი ბიზნესი აქტიურად საქმიანობს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ღია და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ისევე, როგორც იმედისმომცემ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
„ჩვენი მტკიცე პარტნიორობა მკაფიოდ აისახება ვაჭრობასა და ინვესტიციებში - აზერბაიჯანი და თურქეთი სტაბილურად რჩებიან საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორებსა და მთავარ ინვესტორებს შორის. 2025 წელს თურქეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა.
„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. წლების განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების პროექტები, რომლებმაც გააძლიერა რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და გააღრმავა კავშირი ჩვენს რეგიონსა და ევროპულ ბაზრებს შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკული დაკავშირებადობის მომავალ, ფლაგმანურ პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ და „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“.
„თითოეული ეს პროექტი განიხილება რეგიონულ ჭრილში და დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი განვითარება ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის ეკონომიკური მიმზიდველობის ზრდას. ამ მხრივ, ისეთ პარტნიორებთან გაძლიერებული თანამშრომლობა, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობების ძალისხმევა და საერთო სტრატეგიული მიზნები კიდევ უფრო წინ წაიწევს ბიზნესებს შორის მჭიდრო კოოპერაციითა და ამბიციური, ინოვაციური ინიციატივების განვითარებით, სადაც კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).




























