FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტის რამონ რიერას განცხადებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა, ინვესტორებისთვის ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტურიზმის სექტორის ზრდა და დაბალი ფასია, რომელიც მოსალოდნელია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ვფიქრობ, რომ თქვენი ქვეყანა საქართველო, იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და ამის კიდევ უფრო ზრდა შესაძლებელია ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებით. ასევე, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს მიმზიდველი, აუცილებელია პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რათა ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხო და მდგრადი გარემოა შეთავაზებული.
თქვენი ქვეყნის მთავარი უპირატესობა ეხება ტურიზმის განვითარებას. მზარდი ტურისტული სექტორი გაქვთ, რომელიც ინვესტიციებს იზიდავს სასტუმროებს მიმართულებით, ასევე იზრდება ურბანიზაციის დონე და შუა ფენა, რომელიც ქმნის მოთხოვნას. უპირატესობაა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ეს არის ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. თქვენთან ფასი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, გერმანია, უძრავი ქონება საკმაოდ ძვირია. თქვენთან არსებული მოლოდინების ფონზე, სავარაუდოა, რომ ეს ფასი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება, რაც მოგებიანი იქნება საბოლოოდ როგორც კერძო, ისე მსხვილი ინვესტორებისთვის.
საქართველო არა მხოლოდ ადგილის, არამედ მშენებლობის ხარისხის თვალსაზრისითაც მიმზიდველია. ახალ შენობები რასაც ვაკვირდებით მდგრადია, მდგრადია სამშენებლო მასალაც, ამიტომ, ვფიქრობ რომ ამ გადმოსახედიდან საქართველოში ინვესტირება კარგი შესაძლებლობაა.“ - განაცხადა რიერამ.