უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების და ფულადი დახმარების მიღების ვადა 3 თვით გახანგრძლივდა.
მთავრობის 621-ე და 622-ე განკარგულებების მიხედვით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის 1254-ე და 2 მარტის 387-ე განკარგულებებში. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს და ფულად დახმარებას 2026 წლის 1-ელ ივლისამდე მიიღებენ.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
ამასთან, ასევე 2026 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.
ამასთან, საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული 45 ლარი, მომდევნო თვიდან, არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების და ფულადი დახმარების მიღების ვადა ბოლოს 2025 წლის ბოლო ასევე 3 თვით გახანგრძლივდა.




























