#makeborschtnotwar - ამ სახელწოდებით გასტრონომიის ასოციაციამ, მასშტაბური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია ჩართული, მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ უკრაინას. კერძოდ, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, კვების ობიექტებმა საქართველოში უკრაინული სამზარეულოს გამორჩეული კერძი, ბორშჩი პერსონალური რეცეპტით მოამზადონ და შეიტანონ ის მენიუში, ხოლო მისი გაყიდვით შესული თანხა უკრაინის დასახმარებლად, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშზე გადაირიცხონ.
აღნიშნულ თემაზე, გადაცემა “საქმიან დილაში”, “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ კამპანიის იდეა ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი შეფმზარეულის, ევგენი კლოპოტენკოს შთაგონებით დაიწყო და მასში საქართველოსთან ერთად 4 ქვეყანაა ჩართული.
“ევგენი კლოპოტენკო უკრაინელ კოლეგებთან ერთად არ იშურებს ძალასა და ენერგიას, რომ მოამზადოს საკვები და შესთავაზოს ის დაზარალებულ, საცხოვრებლის და ყველანაირი სახსრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. ამ ინიციატივაში ვერთვებით ჩვენც და უკვე 15-მდე კვების ობიექტი ამზადებს უკრაინული სამზარეულოს გამორჩეულ კერძს, ბორშჩს პერსონალური რეცეპტით. ის კვების ობიექტის მენიუშიც შეიტანეს. კამპანიაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გამოხატავს მზაობას, რომ დაეხმაროს უკრაინას,” - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.
მისი თქმით, კამპანია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ასევე ქუჩებში პატარა ჯიხურების გაკეთებაც იგეგმება, სადაც მომზადდება ბორშჩი და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნონ სპეციალური რეცეპტით დამზადებული ბორშჩით და პარალელურად დაეხმარონ უკრაინელ მოქალაქეებს.