მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვაქცინაცია, პრაქტიკულად, გაჩერებულია - ზაზა წერეთელი

61658772bb539
სალომე მეცხვარიშვილი
12.10.21 19:25
608
"საქართველოში ვაქცინაცია, პრაქტიკულად, გაჩერებულია" - ასე ეხმაურება ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საქართველოში კოვიდ-19-ის აცრების შემცირებულ ტენდენციას. 11 სექტემბერს ქვეყანაში მხოლოდ 6 817 ადამიანი აიცრა, მთლიანობაში კი ორჯერადად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 30.8%. 

ზაზა წერეთელი ამბობს, რომ ქვეყანაში აცრების იმდენად მცირე მაჩვენებელია, ძნელია, ამ პროცესს ვაქცინაცია ეწოდოს.

“კოვიდპანდემიის დროს, როცა მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსავლი პრობლემურ სიტუაციაში, ქვეყანაში ტარდებოდეს 5-6 ათასი აცრა, ეს წარმოუდგენელია”, - ამბობს ზაზა წერეთელი.

მისივე თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ აუცრელობა მნიშვნელოვნად აუარესებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობას.

“გუშინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი კვლევა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა და რომელიც აჩვენებს, რომ ყოველი მე-5 ორსული ქალი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია, არის აუცრელი. ამას ემატება ის, რომ მოდის ზამთარი და აქტიურდება გრიპის ვირუსი. ამის პარალელურად გვაქვს სიტუაცია, რომ ქვეყანაში იმდენივე ადამიანი აიცრა, რამდენიც დაინფიცირდა. ეს ტრაგიკულია”,- აცხადებს ზაზა წერეთელი.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გამოწვევაა არამხოლოდ კოვიდ-ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების მაჩვენებელი, არამედ იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც კოვიდი უკვე გადაიტანეს.

“კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მოქალაქეების უმრავლესობას 6-7 თვის განმავლობაში აქვს ნარჩენი მოვლენები, ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი, ეს პრობლემურია მთელი მსოფლიოსთვის. როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ამ ხანგრძლივ კოვიდიან პაციენტებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა სიძლიერით?!”,- აცხადებს ზაზა წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები