დღეს საქართველოში მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებული ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად კი 1 დოზით აცრილია 1,000,785 ადამიანი, ხოლო ორჯერადად ანუ სრულად ვაქცინირებულია 870,060 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ ქვეყანაში სულ 1,874,845 აცრა ჩატარდა, რაც დღეში საშუალოდ 8,970 აცრას ნიშნავს. თუმცა, რეალურად ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია ყველაზე მაღალი ტემპით ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე წარიმართა, როდესაც დღიურად 20,000-25,000-ზე მეტი აცრა ტარდებოდა. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კი აცრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 3,442 აცრა ჩატარდა, თანაც ამ აცრების 2/3 არა პირველად, არამედ მეორე დოზის ვაქცინაციებზე მოდიოდა. არსებული მდგომარეობით, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35.2%, ხოლო ორჯედად აცრილია ზრდასრულთა 30.6%.
ვაქცინაციის ეროვნული სამიზნე 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრას ითვალისწინებს. თუმცა, თუკი წლის ბოლომდე დარჩენილ 81 დღეში ვაქცინაციის არსებული ტემპი შენარჩუნდა, ქვეყანა ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, აცრილთა რაოდენობა მხოლოდ 281 ათასით გაიზრდება და აცრილთა მთლიანი რაოდენობა 1,283,000 გახდება, რაც ზრდასრული მოსახლეობის არა 60%, არამედ 45% იქნება. შესაბამისად, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდება და ქვეყანა COVID-19-ის, დელტა შტამის წინაშე უფრო დაუცველი აღმოჩნდება.