მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი რეკომენდებულზე 5-ჯერ ნაკლებია - აუდიტი

646b2896a1160
ინგა მურუსიძე
22.05.23 12:39
607
საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. გენერალურმა აუდიტორმა გამოაქვეყნა დაავადებების პრევენციის აუდიტის ანგარიში, რომელიც 2018-2021 წლებს მოიცავს.

„საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში − 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს.

დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (60%-70%).

საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და საკმარისია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

საქართველოში სკრინინგპროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის რეკომენდებულ მაჩვენებელთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენის მიზეზები იდენტიფიცირებული აქვთ სამინისტროსა და კიბოს სკრინინგის პროგრამის განმახორციელებლებს. მათ მიერ არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები არ არის სისტემური, რეგულარული, კომპლექსური და სათანადოდ კოორდინირებული“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

ძირითად მიგნებებში კი აღნიშნულია, რომ პროგრამის 15-წლიანი ოპერირების მიუხედავად, მოსახლეობის არასაკმარისი ცნობიერება კვლავ რჩება მოცვის დაბალი მაჩვენებლის ძირეულ მიზეზად.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით:

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად: სკრინინგპროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, განახორციელოს სისტემური და რეგულარული ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

ასევე, კიბოს სკრინინგპროგრამის სხვა პროგრამებთან ინტეგრაციისა და დაინტერესებული მხარეების რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ხელი შეუწყოს კოორდინაციის პროცესის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები