კვლევაზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ 21 მუნიციპალიტეტში არის სულ 22 რეანიმობილი, 40 მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არის, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის ინფორმაციით, „ევროპტიმისტების“ ჯგუფმა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა.
მისივე თქმით, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას, რასაც მოსახლეობა გამოუსწორებელ, ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.
„არაერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ასევე აღსანიშნავია ქვეყანაში არსებული რეანიმობილების რაოდენობის სიმცირე. გვაქვს შემთხვევები, როცა ერთი ქალაქის რეანიმობილი ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს“, - წერია კვლევაში.
რეანიმობილები ემსახურება მხოლოდ 21 მუნიციპალიტეტს (ბოლნისი, ქობულეთი, საჩხერე, თერჯოლა, თელავი, გურჯაანი, შუახევი, გორი, ხულო, სამტრედია, სიღნაღი, გარდაბანი, ოზურგეთი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, ლენტეხი, ამბროლაური, ყაზბეგი, მცხეთა, ფოთი, ახალციხე).
ამავე სტატისტიკით ჩანს, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი).
დეკანოიძის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში სადეპუტატო კითხვით ორჯერ მიმართეს ,,სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ (ე.წ. სასწრაფოს), რათა გაეგოთ ქვეყნის მასშტაბით რეანიმობილების რაოდენობისა და მისი გადანაწილების არეალის შესახებ. უწყებისგან ასეთი პასუხი იყო: „ქვეყნის მასშტაბით რეანიმობილები განაწილებულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო ტრანსპორტირების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნების შესაბამისად და მათი რაოდენობა ჯამურად შეადგენს 22 ერთეულს. საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს უახლოეს ლოკაციაზე განთავსებული რეანიმობილებითაც. შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება ხორციელდება, გამოძახების ადგილიდან უახლოეს ლოკაციაზე განთავსებული რეანიმობილის გაგზავნის პრინციპით, ხოლო იმ შემთხვევებში, თუ კერძო სასწრაფო დახმარების რეანიმობილი უფრო ადრე შეძლებს პაციენტისთვის სათანადო სერვისის მიწოდებას, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შეტყობინების გადაცემა ხორციელდება სერვისის მომწოდებლის სადისპეტჩეროში“.
კვლევებით ასევე გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები ემერჯენსის განყოფილება არის 58 მუნიციპალიტეტში ( ბოლნისი, ქობულეთი, წყალტუბო, ქარელი, საჩხერე, თერჯოლა, წალენჯიხა, ნინოწმინდა, ბაღდათი, დმანისი, ჩოხატაური, ქედი, ადიგენი, მესტია, ახალციხე, თელავი, ხონი, გურჯაანი, ჭიათურა, ხობი, ზესტაფონი, ვანი, შუახევი, გორი, ხულო, ხარაგაული, ოზურგეთი, ლაგოდეხი, ტყიბული, სიღნაღი, ყვარელი, რუსთავი, აბაშა, ხაშური, მარტვილი, მარნეული, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ლენტეხი, საგარეჯო, წალკა, თეთრიწყარო, ცაგერი, დედოფლისწყარო, ლანჩხუთი, ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, გარდაბანი, მცხეთა, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, სამტრედია).
ამავე მონაცემებით კორონარული სტენტირება კეთდება 11 მუნიციპალიტეტში (საჩხერე, თერჯოლა, ადიგენი, თელავი, გურჯაანი, გორი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, რუსთავი, მცხეთა, ახალციხე).