ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში გაუნათლებლობის ავტონომია დაცული ვერ იქნება და ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი დაბალია, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია.
„საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ვინც ამას ეწინააღმდეგება, იმას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ა.შ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი ჩვენ შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.




























