ქართულმა ბანკებმა ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს მომსახურება აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, დროებითი შეფერხება იმ მოკვლევას უკავშირდებოდა, რომელსაც საბანკო სექტორი საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ატარებდა.
„Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, რადგან სექტორი აზუსტებდა Zolotaya Korona-ს კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად, მომსახურება აღდგენილია. საბანკო სისტემა განუხრელად იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ქართული ბანკების მიერ Zolotaya Korona-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა. მიზეზად ამერიკული სანქციებით გამოწვეული შეზღუდვები სახელდებოდა.