საქართველოსკენ ინფლაციური ცუნამია დაძრული - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.
როგორც ეკონომისტი BMG-სთან ამბობს, მომავალ თვეებში საქართველოში ინფლაციის დაჩქარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, როგორც ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდა და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება, ასევე გადაზიდვებსა და ლოგისტიკაზე ფასების ზრდა.
რაც შეეხება მარტში წლიური ინფლაციის შედარებით შენელებას, ხიშტოვანი ამბობს, რომ ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაღალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული.
“პირველ რიგში ჩვენ არ უნდა ვინუგეშოთ თავი, ამ ეტაპზე ინფლაციის მცირედით შენელება შემდეგი ფაქტორიდან გამომდინარეა. შარშან მარტის თვეში ინფლაცია იყო უკანასკნელი რამდენიმე წლის მიხედვით ყველაზე მაღალი თვიურ ჭრილში - 1.2%. შესაბამისად, თუ გავიხსენებთ ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების მოლოდინს, რომ მარტ-აპრილში შენელდებოდა ინფლაცია საქართველოში, დამყარებული იყო აი, ამ დაშვებაზე, რომ 2025 წლის ამ პერიოდში ფასები ძალიან გაიზარდა და წელს არ იყო მოსალოდნელი ასეთი ზრდის მაჩვენებელი საბაზო ეფექტიდან გამომდინარე და შესაბამისად სცენარი იყო, რომ უკვე მარტში ინფლაცია საბაზო 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა, თუ არა მიაღწევდა მას.
შესაბამისად ის გარემოება, რომ მიუხედავად ამ ფაქტორისა, თვიდან თვემდე 0,8%-ით გაიზარდა ფასები წელს მარტში, მეტყველებს იმაზე, რომ პირველადი ეფექტები გარე შოკის და იმპორტირებული ინფლაციის უკვე იგრძნობა ეკონომიკაში. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ეს მოლოდინი, რომ მარტ-აპრილში ფასები კლებას დაიწყებს და მიუახლოვდება საბაზო მაჩვენებელს, გაქარწყლდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ნელა ვიგრძნობთ და ვგრძნობთ ამ იმპორტირებული ინფლაციის ეფექტებს. რაც შეეხება ზოგად სურათს, მე ვფიქრობ, საქართველოსკენ დაძრული არის ინფლაციური ცუნამი, როდესაც მრავალი მიმართულებით ჩვენ ვაწყდებით ისეთ მოვლენებს, რომელიც აუცილებლად სამწუხაროდ, იმოქმედებს ფასებზე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მათ შორის მაგალითად სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ ჯერ არ იგრძნობა გლობალურად ირანში და რეგიონში კონფლიქტის შედეგები ფასებზე, ამიტომ ჯერ ვართ მხოლოდ საწყისი პირველადი ეფექტების რეჟიმში და ეს ეფექტი უკვე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით ფასების ზრდა ამაზე მეტყველებს.
რაც შეეხება უშუალოდ ამ ეფექტებს, ეს ეფექტები არ არის დაკავშირებული მხოლოდ ერთ მოვლენასთან, რომელსაც დავარქმევდი ასე ვთქვათ, ომს ირანში, რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ფასების სტაბილურობაზე, ეს ეფექტები მრავალმხრივია. დაწყებული ნავთობპროდუქტების ფასებით, გაგრძელებული ამ შემთხვევაში მცირე მოვლენებით, რომელიც ასევე ფასებზე იმოქმედებს. მაგალითად ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციამ შეზღუდა ბენზინის ექსპორტი. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დამატებით იმოქმედებს საქართველოში ფასების სტაბილურობაზე. ის, რომ მნიშვნელოვნად შენელებულია სავაჭრო მიმოსვლა და გაძვირებულია შესაბამისად გადაზიდვები, ესეც იმოქმედებს ფასების სტაბილურობაზე.
ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება წელს საქართველოს ეკონომიკას, რომ თუნდაც 4,3%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი შენარჩუნდეს. ეს მაჩვენებელი თვიდან თვემდე ჩემი პროგნოზით გაიზრდება და სადამდე გაიზრდება უკვე დამოკიდებული არის მათ შორის იმ ზომებზე, რასაც მიიღებს "ქართული ოცნება” და ეროვნული ბანკი”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო თვიურ ჭრილში ინფლაციის დონე 0.8% იყო.




























