აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე, სახდეპის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, საქართველოში ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტივისტებზე, მედიასაშუალებათა წარმომადგენლებსა და ოპოზიციაზე გახშირებული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აქვთ.
“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ქმედებებით, რომლებიც კანონპროექტის მოწინააღმდეგე მომიტინგეების საწინააღმდეგოდ ხორციელდება, ისევე, როგორც ვითარების გამამწვავებელი ქმედებებით. საქმის კურსში ვართ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების რაოდენობის ზრდაზეც და ვგმობთ მათ”, - აცხადებს მეთიუ მილერი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გარდა სიტყვიერი მხარდაჭერისა, რას აკეთებს აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, მილერმა უპასუხა, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისთვის ქართულმა ხელისუფლებამ არჩეული კურსი უნდა შეცვალოს.
“საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის 30 წელი გვაკავშირებს და ვისურვებდით, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდეს. საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ ისევ არის, თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობამ არჩეული კურსი უნდა შეცვალოს”, - განაცხადა სახდეპის სპიკერმა.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე თავდასხმების სერია 8 მაისის ღამეს დაიწყო. გუშინ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეს. დღეს კი სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენ “გირჩი - მეტი თავისუფლებას” წევრ ბორის ჩელე ყურუას და “ახალის” წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს.