მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოსთვის ერთადერთი გზა, [საწვავზე] საგადასახადო ტვირთის დროებითი შემცირებაა"|ენერგეტიკოსი

ნავთობპროდუქტები

„საქართველოსთვის ერთადერთი გზა, [საწვავზე] საგადასახადო ტვირთის დროებითი შემცირებაა“, - ასე უპასუხა ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საწვავის გაძვირების შესაკავებლად ხელისუფლების ხელში არსებულ ბერკეტებს შეეხებოდა.

როგორც ცნობილია, ირანში მიმდინარე ომის და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თვის განმავლობაში ბენზინის ფასი 15-30 თეთრით, დიზელის კი 37-59 თეთრით გაიზარდა. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის კი, სადაც 1-ელი აპრილიდან, ელექტროენერგიის ტარიფიც 5 თეთრით იზრდება, ინფლაციური წნეხი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის სულ უფრო მძიმე ხდება.

არჩილ მამათელაშვილი, რომელსაც ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროებში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველო ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებას თავად არ ახდენს, ხელისუფლების ხელთ არსებული ბერკეტები შეზღუდულია, თუმცა არსებობს კონკრეტული გამოსავალი - საგადასახადო წნეხის დროებითი შემცირება.

„სახელმწიფოს ნავთობის თვითღირებულებასა და მის ლოგისტიკაზე გავლენის მოხდენის რესურსი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს კრიზისულ პერიოდში, არის გადასახადების შემცირება, თუნდაც ეს იყოს აქციზი ან ზოგიერთ სახელმწიფოში დროებით დღგ-საც კი ამცირებენ“, - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროგნოზები რთულია, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბაზარი ადრე თუ გვიან სხვადასხვა რესურსის (მაგალითად, კანადური ნავთობის ქვიშების ან ფიქლის ნავთობის) ხარჯზე დასტაბილურდება, თუმცა, სანამ ეს მოხდება, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ფისკალური ინსტრუმენტები გამოიყენოს.

„საქართველოსთვის ერთადერთი გზა, რასაც ვხედავ, არის საგადასახადო ტვირთის დროებითი შემცირება, სანამ [სიტუაციის] სტაბილიზაცია მოხდება. ეს დაეხმარება მოსახლეობასა და ბიზნესს გაზრდილი თვითღირებულების პირობებში და გარკვეულწილად შეამსუბუქებს ინფლაციას“, - ამბობს ენერგეტიკოსი.

არჩილ მამათელაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ფისკალური ინსტრუმენტები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს და ინფლაციასთან საბრძოლველად შესაძლებელია, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაც გახდეს საჭირო, რაც ენერგეტიკის სექტორის ფარგლებს სცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები