საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზით გააგრძელებს სვლას.
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, ბორელმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის დაკარგვით, ქართველი ხალხი დაზარალდება.
"ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და შედეგად, საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის და დაზარალდება. ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია", - აღნიშნა ბორელმა.
ბორელმა განაცხადა, რომ დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ სრული ანალიზი, გეგმა განსხვავებულ ზომებთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს ის, რაც საქართველოში ხდება. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს ზიანი მოქალაქეებს მიადგეთ.
"არის ზომები, რომელთა მიღებაც მოკლევადიან პერიოდშია შესაძლებელი. მაგალითად, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დახმარების შეჩერება, მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების შეჩერება, მთავრობისკენ პირდაპირ მიმავალი ზოგიერთი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. ჩვენ არ გვინდა ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს", - თქვა ბორელმა.