მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქკაბელი“ აზიისა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტს იწყებს

63f356725f4ff
თინათინ ნატმელაძე
21.02.23 09:30
1153
საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია „საქკაბელი“ ექსპორტს ევროპისა და აზიის ქვეყნებში იწყებს, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით კაპანაძემ “Forbes კვირას“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარტნიორებთან კონტრაქტის დადების ეტაპზე არიან.

„ის გეგმა, რომლის მიხედვითაც გვინდოდა, რომ ევროპისა და აზიის ქვეყნებში ექსპორტზე გავსულიყავით, ასევე საინტერესოა აფრიკის ბაზარიც, 2022 წელს ვერ მოესწრო. ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა, რაც გლობალურმა და ლოგისტიკურმა პრობლემებმა განაპირობა, თუმცა 2023 წელს ამ საკითხზე აქტიურად მუშაობა იგეგმება.

მომავალ კვირაში ჩვენი გუნდის წევრები ევროპაში მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრებიან, ასევე მეც მოლაპარაკებები მაქვს აზიაში. ყველა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნა აქვს საკაბელო პროდუქციის მიმართ, ჩვენ მივიღეთ ეს მოთხოვნები, დავამზადეთ ნიმუშები, გავაგზავნეთ და ახლა შეიძლება ითქვას, რომ კონტრაქტის დადების ეტაპზე ვართ და ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.“ - განაცხადა დავით კაპანაძემ.

კომპანიის გენერალური დირექტორი გასული წლის შედეგებსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ „საქკაბელმა“ 2022 წელი 35%-იანი ზრდითა და ახალი პროექტებით დაასრულა.

„საკმაოდ გამორჩეული და რეკორდული წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის, რაც, რა თქმა უნდა, გასული წლების დამსახურებაც იყო. გარდა იმისა, რომ გაიზარდა კომპანიის ბრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ის, რომ მოვახდინეთ ქარხნის გადაიარაღება, რისთვისაც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ პროექტის მიზანი წარმადობის გაზრდა, ექსპორტისთვის მზაობა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება იყო. ასევე, ჩვენს ქარხანაში დავაყენეთ მზის პანელები, რის შედეგადაც 1/3-ის ოდენობის ეკონომია მივიღეთ.

ამას ემატება ისიც, რომ თუ ჩვენი პროდუქცია აქამდე მხოლოდ ჩვენს მაღაზიებსა და დიდ ჰიპერმარკეტებში იყიდებოდა, ახლა ის რეგიონებში არსებულ ყველა მაღაზიაში გამოჩნდა, ჩვენი თანამშრომლებისა და დამატებითი კადრების საშუალებით დავაკომპლექტეთ სადისტრიბუციო ავტოპარკი, ეს იყო ბაზარი, რომელიც ათვისებული არ გვქონდა და ძალიან გვინდოდა, რომ შევსულიყავით. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეს ნაწილი ჩვენი რეალიზების 15%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვავითარეთ ფრენჩაიზის მიმართულებაც - რეგიონების მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მივდივართ, ვთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქტსა და საფასურს, რაც მცირე მეწარმეების განვითარებასაც ხელს უწყობს", - ამბობს დავით კაპანაძე.

მისივე ცნობით, „საქკაბელი“ კადრების შენარჩუნების მიზნითაც სპეციალურ პროექტების ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულებისთვის სასურველი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ზესტაფონში არსებულ ქარხანაში 200 ადამიანს ასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ „საქკაბელი“ ბაზარზე 65 წელია ოპერირებს და მისი მაღაზია საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები