მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქკაბელმა” პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირში გაიტანა

საქკაბელი

“საქკაბელმა" ადგილობრივი წარმოების კაბელები ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე - ბულგარეთში გაიტანა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. დამატებითი დეტალებისთვის BMG “საქკაბელს” დაუკავშირდა.

კომპანიაში განმარტავენ, ახალი ბაზრების ათვისების საშუალება “საქკაბელს” გაზრდილმა წარმოებამ  მისცა, საწარმოო სიმძლავრეების ზრდა კი “აწარმოე საქართველოში” პროგრამის დახმარებით საწარმოს გადაიარაღებით გახდა შესაძლებელი. 

"ჩვენი წარმადობის გაზრდით ექსპორტს მომზადებული შევხვდით. ინვესტიცია განვახორციელეთ, სიმძლავრეები გავზარდეთ და საწარმო უახლესი მანქანა-დანადგარებით აღვჭურვეთ. საბოლოო ჯამში კი პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკით, ეფექტურობის შენარჩუნებით, ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციებით შექმნილი ელექტრო კაბელებით შევძელით, ბულგარეთის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია გავმხდარიყავით”, - აცხადებს "საქკაბელის” მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "საქკაბელის" პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ, რაც ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

"საერთაშორისო კომპანია "ანთას" როლი საკმაოდ დიდია მოცემულ ნაწილში, რისთვისაც ნაყოფიერ თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ. კომპანიის ძირითად საქმიანობას სამშენებლო მასალების განვითარება და გლობალური დისტრიბუცია წარმოადგენს, სათავო ოფისი ბულგარეთში აქვთ და პრიორიტეტს საერთაშორისო სტანდარტის ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ანიჭებენ, ამიტომაც მოხდა ჩვენი ეფექტური კოლაბორაცია”, - ამბობს დავით კაპანაძე.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც კომპანია ახალი ქვეყნების ასათვისებლად ემზადება.

"საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ავიღეთ, რისი საშუალებითაც გაიგზავნა ტვირთი. 

ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები კი სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს აქამდეც ვახორციელებდით, გვახარებს ევროკავშირის ქვეყანაში "საქკაბელის" პროდუქციის შესვლა და ვიმედოვნებ, საექსპორტო წილი სამომავლოდ მეტად გაიზრდება, რადგან ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე: ვითვალისწინებთ ქვეყნების მოთხოვნას, ვიღებთ მათ სტანდარტებს ელექტრო სადენების მიმართულებით, დამზადებული ნიმუშების შემდეგ კი დაკონტრაქტების ეტაპებს გავდივართ", - აცხადებს “საქკაბელის” მმართველი დირექტორი.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ,,საქკაბელის’’ პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის, რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების კერძოდ ევრო დირექტივა LVD და CPR შესაბამისად მოხდა.

“საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 65 წელია ოპერირებს და 2000-მდე დასახელების პროდუქტს ქმნის, რომელთა შეძენაც ქვეყნის ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანია საკაბელო პროდუქციის ექსპორტს ამ დრომდე მეზობელ ქვეყნებშიც აწარმოებდა.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები