"ქართული ოცნების" დეპუტატი და "დუგლაძეების ღვინის" დამფუძნებელი ზაალ დუგლაძე აცხადებს, რომ კომპანიის ექსპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 50%-ია. მისი თქმით, რუსეთი ლოგისტიკურად მიმზიდველი ქვეყანაა.
"დაახლოებით 50%-ია [რუსეთის წილი], +/-2-3%. დანარჩენი ევროპაში, აზიაში, ამერიკაში გადის. ახლოს არის, მეზობელი ქვეყანაა და ლოგისტიკა მარტივია. რაც მსოფლიოში სიტუაცია დაიძაბა, ზოგიერთ აზიურ ქვეყანასა და სხვაგან, კონტეინერის ჩასვლას 4-5 თვე სჭირდება. წარმოგიდგენია, ლოგისტიკურად როგორი რთულია დაალაგო? ამიტომ არის მიმზიდველი [რუსეთი]", - აცხადებს ზაალ დუგლაძე.
BMG-ის კითხვაზე, ოკუპანტ ქვეყანაზე ასეთ დამოკიდებულებაში, საფრთხეს ხედავს თუ არა, ის პასუხობს:
"საქმე რაშია იცით?! საფრთხის შემცველი ყველაფერია. ქუჩაში რომ გავდივართ, შეიძლება, რაღაც ჩამოვარდეს ზემოდან".
აღსანიშნავია, რომ რუსეთში, რომელიც ქართული ღვინის მთავარი ბაზარია, იანვარში ექსპორტი თითქმის განახევრდა. ზაალ დუგლაძე ამბობს, რომ შემცირების მიზეზი არ იცის.
"ვერ გეტყვით, რატომ შემცირდა ექსპორტი, წარმოდგენა არ მაქვს. არ ვარ ციფრებში ჩახედული. არ ვარ ინფორმირებული, კომპეტენტური არ ვარ ამ წუთებში. ახალი წლის შემდეგ სტატისტიკა არ გაგვიკეთებია", - აცხადებს დუგლაძე.