მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქმე სრულიად დაუსაბუთებელია" - ჯუანშერ ბურჭულაძის განაჩენი სააპელაციოში გასაჩივრდება

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის განცხადებით, ბურჭულაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველმა ამის შესახებ tvპირველის ერთერში განაცხადა.

თავად ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია და ამის მიღმა სხვა ინტერესზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ბრალი დაუსაბუთებელია და შესაბამისად, სამართლებრივად არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ სასურველ შედეგს მიაღწიონ.

"ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე, ბრალდება ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ არის დაუსაბუთებელი.

პირველი გეგმა ჩვენი არის აღკვეთის ღონისძების შესახებ განჩინების გასაჩივრება სააპელაციო წესით. ბუნებრივია, ჩვენ ილუზიით არ ვიკვებებით, თუმაც მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, იმ სუსი შუამდგომლის საფუძველზე, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, რომელიც გახლდათ სრულიად დაუსაბუთებელი, სამართლებრივად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ რაიმე შედეგს. ჩვენ ორშაბათს გავასაჩივრებთ დღის ბოლომდე, - ამბობს მარი შათირიშვილი", - განაცხადა შათირიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში სხვა პირებთან ერთად, დაიკითხა ბურჭულაძის ყველა სრულწლოვანი ოჯახის წევრი, მათ შორის, ხანდაზმული ბებიაც.

"გამოკითხულნი არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ისე კერძო პირები კერძო ბიზნესიდან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ამ სატენდერო შესყიდვაში. ასევე გამოკითხულია ჯუანშერ ბურჭლაძის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, მათ შორის საკმაოდ ასაკოვანი ბებიაც კი. ამჟამად ვის გამოკითხვას აპირებს ბრალდების მხარე ჩემთვის უცნობია.

ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველანაირი მკიცებულება. გამოძიებას ხელთ აქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომლითაც საბუთდება არა მხოლოდ ის შემოსავალი, რითაც მან შეიძინა ესპანეთში სახლი, რაც ერთ-ერთი ბრალდებაა, რომ თითქოსდა უკანონო შემოსავლით ლეგალიზაცია მოახდინა და ამით შეიძინა სახლი, ჩვენ გვაქვს მიწოდებული მტკიცებულებები გამოძებისთვის, რომლის თანახმადაც კანონიერი შემოსავლები ჯუანშერ ბურჭულაძის ბევრად აღემატება იმ თანხას, რასაც მას გამოძიება ედავება 194 მუხლით".

გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. თავად ბურჭულაძე ამბობს, რომ მისთვის "წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება".ბურჭულაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.

ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.

ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები