მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმეზე - „ვიქტორ წილოსანი თელარა გელანტიას წინააღმდეგ“ ქარტიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო

635bcfd86cb0f
BM.GE
28.10.22 17:13
723
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქმეზე - „ვიქტორ წილოსანი თელარა გელანტიას წინააღმდეგ“ ეთიკის ქარტიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-მ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხედ განისაზღვრა მედიასაშუალების რედაქტორი თელარა გელანტია, რადგან სადავო მასალაზე მან აიღო პასუხისმგებლობა.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო მასალა მედიასაშუალების მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოა, წარწერით „მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან... ზოლში არ მოძრაობენ - ვიქტორ წილოსანი". მასალაზე არის ბმული, სადაც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარია მოცემული.

განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, ფაქტი დამახინჯებულია, რაც თბილისის მერიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

განმცხადებელმა წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც ჩანს მისი სრული კომენტარი:

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ ახმეტელის მეტროსთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით... ვიტყვი ვაგზლის მოედანთან დაკავშირებითაც... დგას მხოლოდ შესასვლელის პრობლემა. შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო, თვითონ ემსახურება ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს აბსოლუტურად. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ კადრს, სადაც მეტროში ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიური მდგომარეობა არის ვაგზლის მოედანზე, სადგურის მოედანზე, სადგურის მოედანზე გადასასვლელში... სამწუხაროდ, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ არა გვაქვს ჩვენ მგზავრებს ის დამოკიდებულება და რომ ზოლში ვიმოძრაოთ მგზავრებმა და რიგის პრობლემა არის. შესაბამისად, ქმნიან ერთმანეთთან საცობს ასე ვთქვათ. არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და ამ შეფერხებების გამო პრობლემა აქვს გვირაბს გამტარუნარიანობის.

შესაბამისად, ბაქანთან მიმართებაში, მეტროსთან მოლოდინის დროსთან მიმართებაში არცერთ ბაქანზე მგზავრი გაყვანის გარეშე არ რჩება".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სადავო მასალაში კონკრეტული ფაქტი განზოგადებულია და იგი ზოგადად მეტროში არსებული შეფერხებების/საცობების მიზეზად მგზავრების ზოლებში (მეტროსადგურებში ამგვარი ზოლები არ არსებობს) არასწორად გადაადგილებას არ ასახელებდა. მისი თქმით, პრობლემა უკავშირდებოდა მხოლოდ სადგურის მოედანს. შესაბამისად, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

მოპასუხე ჟურნალისტმა მიუთითა, რომ ფოტოზე არსებულ ლიდში კონკრეტულად სადგურის მოედნის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, თუმცა ეს არსებითად არ ცვლიდა ფრაზის შინაარსს, ვინაიდან მასში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ როგორ ქმნის მგზავრი საცობს და არა იმაზე, თუ სად ქმნის. მისი თქმით, ფაქტები არ დამახინჯებულა და მედიასაშუალებას არ უცდია რესპონდენტის დისკრედიტაცია.

თელარა გელანტიამ განმარტა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე მოცემული იყო ბმული, სადაც მკითხველს შეეძლო ვიქტორ წილოსანის სრულ განცხადებას გაცნობოდა. მისი თქმით, განმცხადებლის პრეტენზია გამომდინარეობდა იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილი (სოციალურ ქსელში) სწორედ ამ განცხადებამ გააბრაზა მერიაზე.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილებას „დაირღვა“ ან „არ დაირღვა“ მხარი უნდა დაუჭიროს საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს მინიმუმ 5-მა წევრმა. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს წევრთა ხმები გაიყო, „დარღვევას“ ან “არ დარღვევას” 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, წესის 4.7 პუნქტის თანახმად, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5-მა წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს ექვსი წევრი (საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე; )საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე, ზვიად ქორიძე), რომელთა შორის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ორად გაიყო.

საბჭოს სამმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან:

● Facebook-ზე გამოტანილ ფოტოზე ვიქტორ წილოსანის ციტატა არის შეცვლილი სახით. მასში არის განმცხადებლის მიერ ნათქვამის პერიფრაზი, შესაბამისად, აღნიშნულის ციტატად წარმოჩენა არის უზუსტობა და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.
● მოპასუხემ სხდომის დროს დაადასტურა: მან იცოდა იმის შესახებ, რომ რესპონდენტი გულისხმობდა კონკრეტულად სადგურის მოედანს.
● „მეტრო” შესაძლოა მოიცავდეს მატარებლის გვირაბს, ბაქანს, გადასასვლელ გვირაბებს, ესკალატორს და ა.შ. - შესაბამისად, თუ რესპონდენტი ციტატაში მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე საუბრობდა, მისი დაკონკრეტება მასალას სიზუსტეს შესძენდა.
● სტატიის სათაური და Fecebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგი, დადასტურებული დასკვნა და შეიძლება, არც მიიჩნიოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა.

საბჭოს დანარჩენმა სამმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან:

● მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია არასწორი ინფორმაცია და ციტატა არ ყოფილა მანიპულაციური. კონკრეტული ლოკაციის დაკონკრეტებით არ შეიცვლებოდა ფრაზის შინაარსი, რომლის თანახმადაც, საცობს მოქალაქეები ქმნიან და შესაბამისად, არც ის გამოხმაურება, რაც თანამდებობის პირის ამ განცხადებას მოჰყვა.
● განმცხადებლის კომენტარი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფრაზა განზოგადებულად იყოს აღქმული და გამოყენებული იყოს სიტყვა „მეტრო”, ვინაიდან, ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურების რიგების შესახებ საუბრის შემდეგ, წილოსანი ამბობს: „ანალოგიური მდგომარეობა არის ვაგზლის მოედანზე, სადგურის მოედანზე, სადგურის მოედანზე გადასასვლელში…” და სწორედ ამის შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ საცობს ქმნიან მგზავრები.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

სხვა სადავო პრინციპების [მე-5 და მე-11] დარღვევაზე მსჯელობის წინაპირობაა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა. ვინაიდან, პირველი პრინციპის დარღვევაზე საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, შესაბამისად, ვერ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პრინციპებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები