მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქმიან ტურიზმზე მოლოდინი არ გამართლდა, საჭიროა მრავალწლიანი სტრატეგია" - ია თაბაგარი

ია თაბაგარი

ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის შეფასებით, საქართველოში MICE ბიზნესზე ის მოლოდინი, რაც ხუთი წლის წინ იყო არ გამართლდა და ის სასტუმროები თუ სხვა ობიექტები, რომლებიც მთლიანად საქმიან ტურიზმზე იყო მიმართული, ვერ მუშაობენ იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც უნდა მუშაობდნენ. ამის შესახებ მან BMG tv-სთან საქმიანი ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418,800 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როდესაც, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831,600 ათასს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი.

როგორც თაბაგარი განმარტავს, ამ მოცემულობის განმარტების სხვადასხვაგვარი მიზეზი არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, საქმიანი ტურიზმის ძველ ნიშნულთან ვერ დაბრუნების მთავარი ფაქტორი, ქვეყნის არასწორი სტრატეგიაა.

"MICE ბიზნესს ცალკე სტრატეგია სჭირდება, მრავალწლიანი, მომდევნო 10-წლიანი მაინც. მაგალითად, ზამთრის კურორტები რომ ავიღოთ, რომლებიც გარკვეულწილად შედის ამ ბიზნესში, ჩადიან სპორტსმენები, იმართება ინსენტივები, იხარჯება მილიონობით თანხა… იქვე უნდა იყოს კალენდარი 2030 წლამდე, თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომდევნო 5-6 წელიწადში, რომელიც მარკეტინგსა თუ ინფრასტრუქტურაში დახარჯულ თანხას დაიბრუნებს", - აღნიშნავს ია თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები