მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირიდან" გათავისუფლებულებმა ტყიბულში აქცია გამართეს

ტვ პირველი

ტყიბულში საქნახშირიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა აქცია გამართა. როგორც BMG-ის ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირების წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ უთხრა, სამსახურიდან გაშვება აქციაზე ჯამში 10-მდე დასაქმებულმა გააპროტესტა, დარჩენილი ნაწილი კი კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე TV პირველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "საქნახშირიდან" პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს: "გათავისუფლება პირდაპირ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირდება. ამიტომ გაგვათავისუფლეს მე და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრი. არჩევნების დროს ვიყავი ოპოზიციურ პარტიაში, ვწერდი სოციალურ ქსელში მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს. ამის გამო ბევრი გაფრთხილება იყო, რომ არ დამეპოსტა, კომენტარები არ გამეკეთებინა, ოპოზიციური პარტიიდან გამოვსულიყავი, რაც არ გავითვალისწინე და გამათავისუფლეს", - ამბობს გიორგი აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში „საქნახშირიდან“ 40 ადამიანი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ სურამელაშვილმა გააჟღერა, რასაც „საქნახშირის“ განცხადება მოჰყვა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან გაშვებული პირები გადამზადების შემთხვევაში სამსახურში დაბრუნებას შეძლებდნენ. 27 დეკემბერს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა რომ "საქნახშირში" რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. მათი ინფორმაციით, რეორგანიზაციით გათავისუფლებული 38 პირიდან 31-თან გადამზადების პროგრამის შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდება. „საქნახშირში“ განმარტავდნენ, რომ გადამზადების პროგრამა 15 იანვარს დაიწყება და მას კომპანია დააფინანსებს. ამასთან, სამთო-მოპოვებითი კომპანიის მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ ახალი შახტის მშენებლობისთვის 180 სპეციალისტის დასაქმება იგეგმება, რაშიც ჩართვა, პირველ რიგში, ტყიბულის მოსახლეობას და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები