მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქპატენტის გათავისუფლებული თანამშრომლები ჩივილს აპირებენ

6453ad3946c90
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 17:47
1037
„საქპატენტის“ გათავისუფლებული თანამშრომლები დარღვეული უფლებებისა და ღირსების დასაცავად სამართლებრივ გზას მიმართავენ. მათ უფლებებს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს.

საქმე ის არის, რომ მაისის დასაწყისში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - „საქპატენტში“ რეორგანიზაცია დასრულდა, რის შედეგადაც საქპატენტის ინფორმაციით 13 მენეჯერული პოზიცია შემცირდა.

„საქპატენტის“ გათავისუფლებული სპეციალისტები ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქპატენტის თავმჯდომარის ქმედებები მიზანმიმართულის შთაბეჭდილებას ტოვებს, კონკრეტული ადამიანების საქპატენტიდან ჩამოსაშორებლად. სწორედ ამიტომ, ისინი სამართლებრივ გზას მიმართავენ მათი დარღვეული უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

„რეორგანიზაციამდე და მას შემდეგ საქპატენტი სხვადასხვა ხერხებით დაატოვებინეს ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი რესურსი ჩადო, როგორც სახელმწიფომ, ისე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) და ევროკავშირმა. მათი უმრავლესობა ფლობს მაგისტრის ხარისხს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი კურსი, წარმოადგენდნენ საქართველოს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ინტელექტუალურ საკუთრებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, ხოლო საქპატენტს კი ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში წამყვანი როლი აქვს.

წლების განმავლობაში, საქპატენტი მოწინავე იყო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

რეორგანიზაციის გზით მსგავსი კადრების გათავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ გაცხადებულ რეორგანიზაციის მიზანს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის შესახებ. რთული წარმოსადგენია მიღწეულ იქნას საქპატენტის მიერ დასახული მიზნები, როგორც ეფექტური მმართველობის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესში, როდესაც უწყებაში აღარ არიან კადრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ამ მიმართულებით.

საქპატენტიდან გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთან თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია, არ აუხსნია მიზეზი და არ შეუთავაზებია თუნდაც დაბალი პოზიცია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ფორმალურ კონკურსს, რომლის შედეგი წინასწარ მოსალოდნელი იყო და რის შემდეგაც მეილით შეატყობინეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მოახერხა, მაშინ როდესაც სამსახურს ემატებიან არაკომპეტენტური კადრები, ფორმალურად ჩატარებული კონკურსების გზით. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სოსო გიორგაძესთან ერთად იუსტიციის სამინისტროსა და თუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში“, - აცხადებენ „საქპატენტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები