კულტურის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით დაიხვეწება და ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად ჰარმონიზებული გახდება სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობა.
კერძოდ, ცვლილებების შედეგად ერთი თვით შემცირდება სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ჩატარების ვადა, ასევე, გამარტივდება ექსპერტიზის პროცედურა, როგორც საქპატენტის ექსპერტებისთვის, ისე განმცხადებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, დადებით გავლენას იქონიებს სასაქონლო ნიშნების სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. ასევე, აღნიშნულმა შეიძლება შეამციროს მხარეებს შორის სადავო საკითხების გადაჭრის დრო.
ამასთან, მოქმედი კანონით, იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი წარდგენილი იყოს სარეგისტრაციოდ, აუცილებელია მისი გრაფიკულად გამოსახვა. ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტით სასაქონლო ნიშნის გრაფიკულად გამოსახვა აღარ იქნება სავალდებულო მოთხოვნა.
ასევე, მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელი ხდება ცალკე აღებული ფერის სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რაც განპირობებულია რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნიდან გამომდინარე.
არსებული კანონის ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძვლებსაც, კერძოდ, ამოღებულ იქნა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა უარის თქმას ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, რომელიც წარმოადგენდა არასტილიზებულ ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ ფერს. აღნიშნული გზას გაუხსნის განმცხადებლებს მოითხოვონ ასეთი სიმბოლოების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია.
ცვლილებებით ორი თვიდან ერთ თვემდე მცირდება სასაქონლო ნიშნებზე ფორმალური ექსპერტიზის ჩატარების ვადები.
საკითხზე მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სასერტიფიკაციო ნიშნების ცნების შემოტანა ქართულ რეალობაში. მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად ხდება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის კლასიფიცირება, რათა ზუსტად განისაზღვროს კონკრეტული პირის განსაკუთრებული უფლებები და ამ უფლებების დაცვის ფარგლები.
„რეგულაცია და საკანონმდებლო პაკეტი ხელს უწყობს ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებას, ამავდროულად, არსებული პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, მოქალაქის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტია“.