საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1179 ლარი და 80 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 76.3 ლარით აღემატება.
სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1419.8 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 506.3 ლარით ნაკლებია და 913.5 ლარს შეადგენს.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 1/3-ით მეტია.
ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები 1/3-ით განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 1/3-ით ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე.
სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალები დღეს უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები.
"საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია საქსტატის მიმოხილვაში.
2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.