"ინფლაციის მაჩვენებლის გამოთვლის პროცესი გაუმჭვირვალეა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქმედებს", - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან საუბრობს.
მისი თქმით, ინფლაცია დღეს ქვეყნის ნომერ პირველი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევაა, თუმცა მისი დათვლის მეთოდოლოგია, კერძოდ კი სამომხმარებლო კალათაში პროდუქტების „შეწონვის“ საკითხი, საზოგადოებისთვის დახურულია.
„ჩვენ პოსტ ფაქტუმ ვიგებთ, რომ რომელიღაც პროდუქტის წილი გაიზარდა ან შემცირდა. ეს არის სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც ეკონომისტებისთვის, მკვლევრებისთვის და ჟურნალისტებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ შეწონვების ცვლილებით შესაძლებელია ინფლაციის მაჩვენებლით ხელოვნურად მანიპულირება“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას შეუძლია სამომხმარებლო კალათაში ხელოვნურად გაზარდოს იმ პროდუქტების წილი, რომლებზეც ფასების ზრდა დაბალია და შეამციროს იმ ჯგუფების ხვედრითი წილი, სადაც ფასები მკვეთრად იზრდება. ეს კი საბოლოო ჯამში რეალურზე დაბალ ინფლაციას აჩვენებს.
“მაგალითად, სურსათს ჩვენ კალათაში უჭირავს 80% თუ უჭირავს 20% - სურსათზე ფასების ზრდა სხვადასხვანაირად აისახება ინფლაციაზე. მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ არის შანსი, რომ თუ არის სურვილი, რომ ხელოვნურად მართო ინფლაცია, შეიძლება გაზარდო პროდუქტების წილი, სადაც ფასების ზრდა არის დაბალი შედარებით, ან მოსალოდნელია რომ დაბალი იქნება და შეამცირო ის წილი, რომელიც არის მოსალოდნელი რომ იქნება მაღალი. მე მაინტერესებს, რატომ აქვს კონკრეტული წილი კალათაში სურსათის მოხმარებას, პირობითად 30% და არა აქვს მეტი ან ნაკლები. ეს ასევე არ არის სტატიკური მონაცემი, ის იცვლება, როგორც მე ვიცი, წელიწადში ერთხელ და საინტერესოა რის საფუძველზე იცვლება. მე ვერ მივაკვლიე ამ მონაცემებს, თუ ის იქნება ხელმისაწვდომი უფრო მეტად, მეც შევძლებ მასზე წვდომას და გადამოწმებას, უფრო სანდო იქნება ინფლაციის მაჩვენებელი,” - ამბობს ხიშტოვანი BMG-სთან.
ამასთან, მისი შეფასებით, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ აისახება - დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ფულის ძირითად ნაწილს სურსათსა და ჯანდაცვაზე ხარჯავს, ინფლაცია შესაძლოა, 10%-ზე გაცილებით მაღალი იყოს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქსტატის თავისუფლების ხარისხიც.
„საქსტატის თავისუფლების ხარისხი დღითი დღე მცირდება. არ მგონია, რომ ისინი წიწიბურის ფასს აყალბებდნენ, მაგრამ ნებადართული მეთოდებითა და შეწონვებით მანიპულირებით, შესაძლებელია “ქართული ოცნების” თამაში ითამაშონ და ფასები იმაზე ნაკლებად მზარდი აჩვენონ, ვიდრე სინამდვილეშია. საქსტატი, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტები, პოლიტიკის მძიმე წნეხის ქვეშაა“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.




























